Accentnews.ge
მედია: იარაღის ჩეხური კომპანიის მფლობელი ვრბეტიცეში 2014 წლის აფეთქებამდე გრუს აგენტების გვერდით იყო

მედია: იარაღის ჩეხური კომპანიის მფლობელი ვრბეტიცეში 2014 წლის აფეთქებამდე გრუს აგენტების გვერდით იყო

17/05/2021 13:55:04 ეს საინტერესოა

იარაღის ჩეხური კომპანიის IMEX Group-ის მფლობელი პიოტრ ბერნატიკი ოსტრავაში, სასტუმრო Corrado-ს გვერდით იმყოფებოდა იმავე დროს, როცა იქ გაჩერებულნი იყვნენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სავარაუდო აგენტები – ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, - იუწყებიან ჩეხეთის რადიო და ყოველკვირეული გამოცემა Respekt, ბიზნესმენის მობილური ტელეფონის მონაცემებზე დაყრდნობით.

ბერნატიკი სასტუმროს სიახლოვეს იყო 2014 წლის 15 ოქტომბერს, ერთი დღით ადრე, სანამ ვრბეტიცეს დასახლებაში, იარაღის საწყობში პირველი აფეთქება მოხდებოდა. ამავე დღეს, მედიის ცნობით, კომპანია IMEX-ის თანამშრომლებმა მიიღეს მოულოდნელი ინსტრუქცია, იმ დღეს სამსახურში არ მისულიყვნენ. ბერნატიკი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც საწყობი აფეთქების წინ მოინახულა. ჩეხეთის გამომძიებლების ვარაუდით, აფეთქებასთან კავშირი აქვთ პეტროვს და ბოშიროვს.

იმის დადგენა, რას აკეთებდა ბერნატიკი ოსტრავაზე და რატომ აღმოჩნდა სასტუმროსთან ახლოს, ჯერჯერობით შეუძლებელია. მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბიზნესმენი, შესაძლოა, მანქანით გადაადგილდებოდა და გზაჯვარედინზე გაჩერდა. ადვოკატი ამბობს, რომ ბერნატიკი არ გაჩერებულა სასტუმრო Corrado-ში და არც ამ ორ რუს მამაკაცს შეხვედრია. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ბერნატიკის ტელეფონი სასტუმროს ზონაში 40-მდე წუთის განმავლობაში იყო.

ჩეხეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ანონიმურობის დაცვის პირობით ჟურნალისტებს დაუდასტურეს, რომ პოლიციამ მოახდინა ბერნატიკის 2014 წლის 15 ოქტომბრის მოგზაურობის რეკონსტრუქცია, მობილური ოპერატორის მონაცემებზე დაყრდნობით.

ჩეხეთის რადიოს ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში ბერნატიკი 48 საათის განმავლობაში დააკავეს, მის ობიექტებზე ჩხრეკა ჩატარდა. გამომძიებლებმა მას დაკითხვა ჩაუტარეს აფეთქებებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვის ეჭვის საფუძველზე.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა 17 აპრილს გამოაცხადა, რომ ჩეხეთის დაზვერვის და უშიშროების სამსახურების გამომძიებლებმა "ცალსახა მტკიცებულებები" წარმოადგინეს საიმისოდ, რომ "გონივრული ეჭვი არსებობდეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის, GRU-ს 29155-ე დანაყოფის წევრების როლზე 2014 წელს, ვრბეტიცეს ტყვია-წამლის საწყობში მომხდარ აფეთქებაში".

ამ განცხადების შემდეგ ჩეხეთის მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა 18 რუსი დიპლომატი, რომლებსაც ჯაშუშებად მიიჩნევდა - რასაც პრაღასა და მოსკოვს შორის საპასუხო ნაბიჯების სერია მოჰყვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S