
ნიკა მელიას გირაო შეეფარდა
10/05/2021 12:35:04 პოლიტიკა
ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 40 000–ლარიანი გირაოთი შეუცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
როგორც დაცვის მხარე განმარტავს, გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსრულებას ექვემდებარება, თუმცა გარკვეული დრო სესაძლოა, ბიუროკრატიულმა პროცესმა წაიღოს.
თავად ადვოკატებმა მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
"ჰოი, საოცრებავ, დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ მიიღო გადაწყვეტილება და მოსამართლის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად დაემთხვა პროკურატურის შუამდგომლობას და იმ თანხას, რომელიც ევროკავშირმა გადმორიცხა ნიკა მელიას ტყვეობიდან დასახსნელად. დღეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორი "დამოუკიდებელი" მართლმსაჯულება გვაქვს",– განაცხადა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.
პროცესს არ ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რადგან ის წინა სხდომაზე მოსამართლემ გააძევა. იგი რუსთავის ციხიდან გათავისუფლდება, სადაც მისი თანაპარტიელები და მხარდამჭერები ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაო წინასწარ ევროკავშირმა გადაიხადა.