
"ტელევიზიით შევიტყვე გადადგომის თაობაზე" – კობახიძე გახარიასთან კომუნიკაციის დეტალებზე საუბრობს
12/03/2021 20:09:25 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოზიცია ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით იყო იდენტური იმ პოზიციისა, რაც გუნდის სხვა წევრებს ჰქონდათ, თუმცა, 17 თებერვლის 17:00 საათზე გახარიას პოზიცია შეიცვალა.
როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, გიორგი გახარიას პოზიციის შეცვლის მიზეზი გუნდისთვის სრულიად გაუგებარი იყო.
"17 თებერვლის 17:00 საათამდე მისი პოზიციები იყო ზუსტად იდენტური იმისა, რაც ჰქონდათ გუნდის სხვა წევრებს, თუმცა სამწუხაროდ რატომღაც 17:00 საათზე ეს პოზიცია შეიცვალა. გვქონდა ჩვენ დისკუსია ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია. 17:00 საათი ზუსტად იქიდან მახსოვს, რომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებებით და დაახლოებით ეს დრო იყო, როდესაც ეს კომუნიკაცია შედგა.
დაფიქსირდა თავდაპირველად პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადადებულიყო ეს ოპერაცია და შემდეგ საუბარი იყო 2 დღით გადადებაზე. მიზეზი, არგუმენტი ჩვენთვის არ იყო მყარი. არგუმენტი იყო ის, თითქოს ნაკლები იქნებოდა ადამიანების კონცენტრაცია 2 დღის შემდეგ მაშინ, როდესაც ჩვენ ლოგიკურად ვმსჯელობდით იმაზე, რომ პირიქით, კონცენტრაცია გაიზრდებოდა და ასეც მოხდა. თქვენ თუ გახსოვთ, 2 დღეში კონცენტრაცია ადამიანების ოფისში გაიზარდა, რამაც შედარებით გაართულა ბუნებრივი ოპერაციის ჩატარება. ჩვენი საუბარი დასრულდა ალბათ 10 წუთით ადრე, ვიდრე გიორგი გახარია გააკეთებდა განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"–ის ეთერში.
ირაკლი კობახიძის თქმით, პრემიერი გიორგი გახარია საკუთარი პოზიციით უმცირესობაში იყო.
"ჩვენი საუბარი დასრულდა 10 წუთით ადრე, ვიდრე გიორგი გახარია გააკეთებდა განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით".
კითხვაზე, მანამდე იცოდა თუ არა კობახიძემ, რომ გახარია გადადგომას აპირებდა, ვთქვათ, საღამოს საუბრის შემდეგ, კობახიძე პასუხობს: "მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მქონდა. შემდეგაც გარკვეული მინიშნებებით გავიგე, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობდა და მერე უკვე ტელევიზიით შევიტყვე გადადგომის თაობაზე – 10 წუთში, როდესაც ჩვენ დავასრულეთ სატელეფონო საუბარი. გადადგომის შემდეგ მე კომუნიკაცია არ მქონია".
კითხვაზე, მასთან ურთიერთობა შეწყდა თუ არა, კობახიძე ამბობს, რომ "პრინციპში ეს ასეა":
"ის აღარ არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და აქედან გამომდინარე, კომუნიკაცია გიორგი გახარიასთან აღარ არის".
წამყვანის კითხვაზე თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ გიორგი გახარია ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერად ვიხილოთ, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ეს, თავად გიორგი გახარიას გადასაწყვეტია და თუ ვინმეს სურს ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება, დემოკრატიული სისტემაა და ნებისმიერს შეუძლია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება.