
ჰოჯესი – ერდოღანის "პლატფორმაზე": "ვაცნობიერებთ საქართველოს გეოსტრატეგიულ როლს, თუმცა რუსულ "სფეროში" შთანთქმას პირველ რიგში, თბილისი უნდა აღუდგეს"
24/12/2020 12:15:34 კავკასია, საგარეო პოლიტიკა, კომენტარი, ეკონომიკა
ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი რეგიონალური პლატფორმის შესახებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინიციატივას ეხმიანება და აცხადებს, რომ ვიდრე საქართველო მსგავს გაერთიანებას შეუერთდება, რუსეთისგან ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა უნდა მოითხოვოს.
"მიმაჩნია, ვიდრე საქართველო რაიმე ისეთ პლატფორმას შეუერთდება, რომელიც რეგიონში კრემლს აძლიერებს, რუსეთისგან თავისი სუვერენიტეტის პატივისცემა უნდა მოითხოვოს. მოსკოვმა უკვე დაიწყო რუსული პასპორტების გაცემა მთიან ყარაბაღში, სადაც ე.წ. მშვიდობისმყოფელები განათავსა. ეს არის კრემლის სტანდარტული პრაქტიკა თავისი გავლენის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, მოსკოვმა ყარაბაღში იმაზე მეტი ინფრასტრუქტურის განთავსება დაიწყო, რაც უკვე გაცხადებული ე.წ. მშვიდობისმყოფელების რაოდენობის მიღმაა. რუსეთის ეს ქმედება არავის უნდა გაუკვირდეს", – განუცხადა ჰოჯესმა "აქცენტს".
რაც შეეხება იმას, რამდენად არის მზად დასავლეთი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ადექვატური რეაგირება მოახდინოს, გენერალ-ლეიტენანტი აცხადებს, რომ "დასავლეთი საქართველოს გეოსტრატეგიულ როლს აცნობიერებს. თუმცა რუსულ "სფეროში" შთანთქმას პირველ რიგში, თბილისი უნდა აღუდგეს წინ".
"რა რეალური შედეგი შეიძლება მოუტანოს ერდოღანის მიერ ინიცირებულმა პლატფორმამ საქართველოს? დასავლეთს არ შეუძლია, უბრალოდ იდგეს და მხოლოდ პრეტენზიების გამოთქმით შემოიფარგლოს იმაზე, რასაც კრემლი აკეთებს. ჩვენ ვაცნობიერებთ სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ მნიშვნელობას, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ როლს. თუმცა პირველ რიგში, საქართველო უნდა აღუდგეს წინ ამ რუსულ "სფეროში" შთანთქმას, თუ კი მას სურს, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი", – განაცხადა ჰოჯესმა.
კითხვაზე, "რამდენად საფუძვლიანი ანალიტიკურ წრეებში გამოთქმული შიშები რეგიონიდან დასავლეთის ნებაყოფლობით გასვლის თაობაზე?", ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა სარდალმა შემდეგი განაცხადა:
"მე არ ვიცი "ნებაყოფლობითი გასვლის" შესახებ. მე ძალიან ვამაყობ, ჩვენი ბრწყინვალე ელჩის კელი დეგნანის საქმიანობით თბილისში და აშშ–საქართველოს შორის მდგრადი სამხედრო თანამშრომლობის არსებობით. თუმცა მსურს, ეს თანამშრომლობა გაძლიერებული ვნახო; მსურს, ვნახო ძალიან ძლიერი განცხადება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ჩვენ გვინდა, საქართველოს NATO–ში გაწევრიანება უკვე 2021 წელს, არა "წევრობის სამოქმედო გეგმით", არამედ დაჩქარებული, საქართველოზე მორგებული პროცესით.
მსურს, დავიწყოთ ინფრასტრუქტურის მოწყობა საქართველოში, თუ, რა თქმა უნდა, საქართველო მოიწვევს შეერთებულ შტატებს ამის გასაკეთებლად. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია საქართველოში ლოგისტიკისა და როტაციული ძალების განთავსება.
ასევე მსურს, ვხედავდე საქართველოსა და აშშ-ს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ სამხრეთ კავკასიაში კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით. ამერიკული და ევროპული კომპანიების მიერ ინვესტიციების ჩადება რეგიონში, გამოიწვევს იმას, რომ აშშ–ისა და ევროპის ქვეყნების მთავრობები უფრო მეტად გაამახვილებენ ყურადღებას რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. ეს არის ის, რისი ხილვაც კრემლს არ სურს".
ჰოჯესი უმთავრეს საკითხად მიიჩნევს საქართველოს მტავრობის მიერ საერთო ეროვნული კონცეფციის შემუშავებას.
"საქართველოს მთავრობამ უნდა გამართოს საჯარო დებატები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ. უნდა არსებობდეს მთავრობის საერთო მიდგომა. საზოგადოებასთან შეხვედრები უნდა გამართონ, უსაფრთხოებაზე, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა, უნდა ისაუბრონ რა საფრთხის წინაშეა საქართველო, აუხსნან საზოგადოებას, რისი გაკეთებაა საჭირო, რათა დაიცვან საქართველო რუსეთიდან მომავალი საფრთხეებისგან. ამის შემდეგ კი უნდა შემუშავდეს ეროვნული გეგმა, როგორ შეაკავოვონ/ წინ აღუდგნენ ამ საფრთხეებს. ჩემი აზრით, ეს უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ვიდრე ნატო–ს წევრობა", – დასძინა გენერალ-ლეიტენანტმა.
ცნობისთვის: 10 დეკემბერს აზერბაიჯანში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ხედავს სამხრეთ კავკასიაში “ექვსეულის პლატფორმის” შექმნის შესაძლებლობას, რაც "რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება":
"დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად განვიხილე ექვსი ქვეყნის პლატფორმის შექმნის საკითხი, რომელშიც შევლენ აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, რუსეთი, ირანი და სურვილის შემთხვევაში, სომხეთიც".