
"ჩვენმა მოქალაქემ გვითხრა, რომ დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტში უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩაში"
12/11/2020 06:25:01 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემეირ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის დავალებაა, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამოსავალი სწრაფად იყოს ნაპოვნი.
„დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური სპექტრი სრულად იაზრებს ამ დავალებას. მიუხედავად ამისა, კარგად მესმის, რომ გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედებები გაგრძელდება, თუმცა ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს და ქმედებებს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება. ეს ნათელი გახდა 31 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს მოქალაქემ 9 პოლიტიკური ძალა აღჭურვა მანდატით, წარმოდგენილი ყოფილიყვნენ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ეს მანდატი იყო და არის პასუხისმგებლობის მანდატი, პასუხისმგებლობისა ქვეყანასა და ქვეყნის მომავალზე", – განაცხადა გახარიამ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
"ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ პანდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც და რაც მთავარია, ყველამ ერთად ეფექტურად და შედეგიანად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი სვლა ევროპისკენ, მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ, რადგან ჩვენმა მოქალაქემ გვითხრა, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურ სპექტრს ეს ძალიან კარგად ესმის და დარწმუნებული ვარ, ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა, სწორად გაიგოს ჩვენი მოქალაქის ეს მესიჯი და სწორედ გადათარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში”, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.