Accentnews.ge
"პირველი შემთხვევაა, როდესაც ბატონმა გრიგოლმა ეს გააკეთა"

"პირველი შემთხვევაა, როდესაც ბატონმა გრიგოლმა ეს გააკეთა"

10/11/2020 13:18:04 საშინაო პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ენმ–ის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი განცხადება პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბატონმა გრიგოლმა განცხადება პარტიის პრეს–სამსახურის გვერდის ავლით გააკეთა.

"ნებისმიერი განცხადების გავრცელების, თუ გაკეთების დროს მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. როდესაც განცხადება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ან სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი, ან ისმენს მსმენელი, ეს უკვე არაა საუკეთესო განცხადება. მთავარი არის ის მოთხოვნები, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაჟღერდა. ტყუილის თქმა არ მჩვევია, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის შესახებ არავინ ვიცოდით, მათ შორის – არც მე. ძალიან სამწუხარო და გაუგებარია მით უფრო, როცა პარტიაში პრეს–სამსახური არსებობს და და არასდროს ბატონ გრიგოლს არანაირი განცხადება პრეს–სამსახურის გვერდის ავლით არ გაუვრცელებია. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა როცა მან ეს გააკეთა",-აცხადებს მელია.

შეგახსენებთ, რომ ენმ–ის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად". მოგვიანებით, კი მისი მოწოდება განმარტა.

ცნობისთვის: თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით აქციები 8–9 ნოემბერს გაიმართა. ამასთან, აქციის მონაწილეები ცსკ–ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასაც მოითხოვენ.

9 ნოემბერს ოპოზიციამ დემონსტრანტებს სამომავლო გეგმები გააცნო. მოგვიანებით კი მოძრაობა "სირცხვილიას" დაუმორჩილებლობის აქციას შეუერთდა, რომელიც ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედების შემდეგაც გაგრძელდა. მიტინგზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ცსკ–სთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა ცსკ–სთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S