
ბოკერია – ვაშაძის განცხადებაზე: "რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. "ნაციონალური მოძრაობისგან" მკაფიო განმარტებას ველით"
10/11/2020 10:17:30 საშინაო პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას "გაუგებარს" უწოდებს და ენმ–სგან მკაფიო განმარტებას ითხოვს.
"რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა. ველოდებით თვითონ ამ პარტიისგან, "ნაციონალური მოძრაობისგან" და მისი თავმჯდომარის მკაფიო განმარტებას, რას გულისხმობდა და ცვლილებაა თუ არა მათ პოზიციაში", – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, "ევროპული საქართველოს" პოზიცია არ შეიცვლება:
"ჩვენი პარტიის პოზიცია არის უცვლელი და არც შეიცვლება, რომ ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად პარლამენტში შესვლა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის".
იხილეთ ასევე: გრიგოლ ვაშაძე – პოლიტიკურ პარტიებს: "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან"
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც პარლამენტის ლეგალიზაციის დაუშვებლობაზე საუბრობდა.
ცნობისთვის: თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით აქციები 8–9 ნოემბერს გაიმართა. ამასთან, აქციის მონაწილეები ცსკ–ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასაც მოითხოვენ.
9 ნოემბერს ოპოზიციამ დემონსტრანტებს სამომავლო გეგმები გააცნო. მოგვიანებით კი მოძრაობა "სირცხვილიას" დაუმორჩილებლობის აქციას შეუერთდა, რომელიც ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედების შემდეგაც გაგრძელდა. მიტინგზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ცსკ–სთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა ცსკ–სთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – მედიის წარმომადგენლები.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.