Accentnews.ge
ქართველები – აფხაზეთის შესახებ

ქართველები – აფხაზეთის შესახებ

29/07/2020 17:01:10 კონფლიქტები

„აქცენტი“ იწყებს მინი-გამოკითხვების ციკლს, რომლის ფარგლებშიც მკითხველს აფხაზეთის, მისი მოსახლეობისა და მასთან ურთიერთობების პერსპექტივების შესახებ საქართველოს რიგითი მოქალაქეების მოსაზრებებს გააცნობს.

ამ გამოკითხვებს, ბუნებრივია, საფუძვლიანი სოციოლოგიური კვლევის პრეტენზია ვერ ექნება, თუმცა შემთვევითი პრინციპით შერჩეული სხვადასხვა ასაკის, ეროვნების, პროფესიის, სოციალური ფენისა და გამოცდილების მქონე ადამიანების მოსაზრებები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული განწყობების შესახებ გარკვეულ წარმოდგენას მაინც იძლევა.

«აქცენტმა» ამჯერად თბილისის მკვიდრები გამოკითხა.

35 წლის ლილი:

„ომი მხოლოდ ანგრევს. არ მგონია, კიდევ ერთ ომს გაუძლოს ამ ქვეყანამ, ჩვენ ხომ აქ უნდა ვიცხოვროთ?! ამიტომ, ბუნებრივია, მშვიდობის მომხრე ვარ. რაც შეეხება ადამიანებს შორის ურთიერთობებს, პირადად მე პრობლემა არ მაქვს, - შეიძლება, იმიტომ, რომ მიუხედავად ომისა, ადამიანური ტრაგედიებისა, ჩვენ სიძულვილში არ გვზრდიდნენ – სახელმწიფო პოლიტიკა აფხაზების და ოსების სიძულვილი არ ყოფილა; არ გვასწავლიდნენ, რომ რაც მოხდა, მათი ბრალი იყო. აი, თავად ისინი, რიგითი მოქალაქეები (და არა „ტროლები“) როგორ ფიქრობენ, რას ამბობენ ქართველებზე - ეს არ ვიცი და მაინტერესებს. სიამოვნებით ვუმასპინძლებდი მათ ენგურს აქეთ, მოვისმენდი აფხაზურ ამბებს... “

28 წლის ელისო:

„წარმოიდგინეთ, XXI საუკუნეში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლია, მოხვდე, მაგრამ ენგურს ვერ გადაკვეთ... ასე ოჯახებიც კია გაყოფილი... ეს უსამართლობაა და სიგიჟე... ვერ გეტყვით, რომ ინფორმაციებს ყოველდღიურად ვადევნებ თვალს, მაგრამ ის ვიცი, რომ ხალხს გადაადგილების პრობლემა აქვს და ვფიქრობ, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს: ელემენტარული ლოგიკაა – მათ რომ აქ დევნიდნენ, შეზღუდვებიც არ იარსებებდა. დევნის ერთ ფაქტსაც კი, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი მოჰყვებოდა... ამიტომ გასაგებია, მიმოსვლა და ა.შ. – ყველაფერი ჩუმად რატომ კეთდება – ენგურს აქეთ არაა პრობლემა, პრობლემა ჩვენგან ჩრდილოეთითაა...“.

25 წლის გიგი:

„ძალიან მიყვარს ლაშქრობა, მაგრამ აფხაზეთში, სამწუხაროდ, ვერ ჩავდივარ. არც მათთან ურთიერთობის გამოცდილება მაქვს, არადა სულ მაინტერესებს, ვკითხულობ (ვინც იქაა ნამყოფი), როგორია აფხაზეთი... მითხრეს, თითქოს მთიან აჭარას წააგავს, მაგრამ მაინც სულ სხვაა. მოგზაურობისას რიგით ადამიანებთან მიყვარს ურთიერთობა - ასე უფრო აღიქვამ იმ ადგილს, რომელსაც სტუმრობ, აფხაზებზე კი მხოლოდ გადმოცემით მსმენია... ეხლა მეგობრების ნაამბობი გამახსენდა: ერთ–ერთ ღონისძიებაზე იყვნენ აფხაზებთან ერთად და ერთ შენობაში მოუწიათ რამდენიმე დღის გატარება (დეტალებს არ მოვყვები). მიყვებოდნენ, „ერთი–ორი დღე ეჭვით გვიყურებდნენ, მერე ბუნებრივად გავედით ერთმანეთთან კონტაქტზე, დავახლოვდით (ახლაც აქვთ კონტაქტი) და ბოლოს გვითხრეს, „გვაფრთხილებდნენ, ნივთებთან ფრთხილად იყავით, ქართველები ქურდები არიანო“... ის ახალგაზრდები კი მიხვდნენ, რომ ქურდობასთან ქართველობა არაფერ შუაშია, მაგრამ... უბრალოდ ვეტყოდი მათ, რომ სიძულვილს ცხოვრება მიაქვს და მას უარი უნდა ვუთხრათ».

29 წლის ჯაბა:

„აღარ მახსოვს, რომელიღაც სახელმწიფო მოხელემ თქვა ერთ–ერთ ინტერვიუში, „გვსაყვედურობენ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს ფულს რომ ვახარჯავთო“ – ჯანდაცვაზე იყო საუბარი და გონებაში ჩამრჩა... ხსნიდა, ამიტომ და ამიტომო ... არ ვიცი, ვინ რა უსაყვედურა, მე კი გამიკვირდა, ასე რომ დასვა ვიღაცამ საკითხი, რადგან ვფიქრობ, პასუხი მარტივია: მიუხედავად იმისა, რა მოცემულობაა დღეს, თუ მათ ჩვენიანებად მივიჩნევთ, მაშინ, რა თქმა უნდა, თანაბარი პირობები და შესაძლებლობები უნდა გაგვაჩნდეს, აბა რუსეთის იმედად და მასზე დამოკიდებული ჩემი მტერი იყოს: გადახედონ რუსეთის პარტნიორ ქვეყნებს, რა ყოფაა იქ, როგორი რეჟიმები და პერსპექტივებია...“

52 წლის გივი:

„გაგრაში ვცხოვრობდი. ჩემი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები აფხაზეთს უკავშირდება და გული მტკივა: ჩემი შვილები აქ – თბილისში გაჩნდნენ, აქ გაიზარდნენ, ჩემთვის კი სახლი იქაა. ვიცი, რომ ჩემს სახლში სხვა შესახლდა – მეზობლებმა მითხრეს. ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ გადავწყვიტე, რაც იქნება - იქნება, დავრეკავ და იმ ოჯახს ახალ წელს მივულოცავ–მეთქი. არ იყო ჩემთვის ადვილი, მაგრამ დავრეკე. კაცმა მიპასუხა. რომ ვუთხარი, ვინც ვიყავი და მივულოცე, გინება დაიწყო... გავთიშე ტელეფონი და მას შემდეგ აღარ დამირეკია. ძალიან დამწყდა გული... ასე დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება...“.

17 წლის ლევანი:

„რა თქმა უნდა, სამშვიდობო პოლიტიკის მომხრე ვარ: ომი სიგიჟეა – დიდი მსხვერპლი და თუ გავწყდით, მერე ვინ სად იცხოვრებს?! სამწუხაროდ, ჩემს ირგვლივ აფხაზები არ ცხოვრობენ, ამდენად, არც მათთან ურთიერთობის გამოცდილება მაქვს, ინტერნეტით კი არც მიცდია, არ მიფიქრია ამაზე. ზოგადადაც, არ მომწონს ადამიანების წარმოშობაზე ყურადღების გამახვილება, არ ვფიქრობ, რომ ამას აქვს მნიშვნელობა: ჩემს გარშემო სხვადასხვა ეთნოსის, აღმსარებლობის ადამიანები ცხოვრობენ და რა პრობლემაა?!“.

33 წლის თამარი:

„ურთიერთობა კარგია და ამ კუთხით პრობლემა არ მაქვს, მაგრამ იცით, არ მგონია, რომ ამ ფარულმა ურთიერთობებმა რეალურად რამე შეცვალოს: პოლიტიკა ჯამში ძალიან დიდ როლს თამაშობს. იმედია, ვცდები“.

13 წლის გიორგი:

„ვიცი, რომ ადრე ომი იყო და ადამიანები დაიღუპნენ. ბაბუა ცხოვრობდა მაშინ იქ და ომის გამო წამოვიდა. სკოლაში მასწავლებელი გველაპარაკა აფხაზეთზე – იქ რა ღირშესანიშნაობებია – ბედიის ტაძარი მახსოვს. სახლში ამაზე არ ლაპარაკობენ, არც მეგობრები ვლაპარაკობთ და მეტი არაფერი მახსენდება“.

კითხვას, უარყოფითად ხომ არ დაუხასიათებიათ მასთან შინ ან სკოლაში აფხაზები, გიორგი კითხვითვე პასუხობს, „ასე რატომ უნდა ეთქვათ?“.

36 წლის დავითი:

„პირადად ჩემთვის სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტურობა კითხვებს აჩენს, რადგან მეორე მხრიდან მიმღებლობის მზაობას ვერ ვხედავ. თუმცა, ბუნებრივია, ომი ალტერნატივა კატეგორიულად არაა. გამოსავალს მხოლოდ განვითარებაში ვხედავ – გავხდეთ ეკონომიკურად ძლიერი, ნამდვილად და არა ვითომ ევროპული ქვეყანა“.

35 წლის სოფიო:

„აფხაზეთი ჩემს მეხსიერებაში სულ რამდენიმე მოკლემეტრაჟიან კადრად არის შემორჩენილი: ფერადი კენჭების შეგროვება ზღვის სანაპიროზე; მანდარინის ბაღი, გედების კვება რიწის ტბაზე... მგონი სულ ეს არის. პატარა ვიყავი, როცა ჩვენი სახლის დატოვება მოგვიწია და მას მერე იქ დარჩენილებთან კონტაქტი აღარ მქონია. ძალიან დიდია გაუცხოება და დღეს რომ უცებ ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ ქართველი და აფხაზი მეზობლები, რომლებიც ერთად გაიზარდნენ, წლები იცხოვრეს გვერდიგვერდით, არც კი ვიცი, მოუყრიან თუ არა თავს სიტყვებს ერთმანეთთან დასალაპარაკებლად. მგონია, რომ ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავება (ჯერ, ალბათ, უფრო დამყარება) აუცილებელია. არ ვთვლი, რომ ეს პოლიტიკური კონფლიქტის გადაჭრის გზაა, მაგრამ იმ დროისთვის, როცა გეოპოლიტიკური გარემოებები შეიცვლება და პოლიტიკის დონეზე კონფლიქტი მოგვარებადი გახდება, უნდა იყოს საფუძველი ჩაყრილი ხალხთაშორისი კავშირებისთვის, რათა ნულიდან, უფრო სწორად მინუსებიდან არ მოგვიწიოს ამ ურთიერთობების აგება“.

დრო ყველაფერს ცვლის: ომები იწყება, მაგრამ ყოველთვის მთავრდება; კედლებს აგებენ, მაგრამ ადრე თუ გვიან, ანგრევენ, ზოგჯერ კი ისინი თავისით ინგრევა…. ძნელი წარმოსადგენია, XXI საუკუნეში ახალ თაობებს ენგურს იქით და აქეთ, რომელთაც კონტაქტი არასდროს ჰქონიათ და არაფერი დაუშავებიათ, ერთმანეთი რეალურად სძულდეთ…. ეს აბსურდი შესაცვლელია… როგორც ჩვენმა ახალგაზრდა რესპონდენტმა აღნიშნა, სიძულვილს ცხოვრება მიაქვს და მას უარი უნდა ვუთხრათ... ერთმანეთის შესახებ მცდარი წარმოდგენა უნდა დაიმსხვრეს, ამისთვის კი კავშირია საჭირო… კედელი გვყოფს? - რაა კედელი ინტერნეტ-ტექნოლოგიების ეპოქაში?! დარწმუნბულები ვართ, ადამიანები კედელს იქით და აქეთ საერთო ენას მაინც იპოვიან. ძალიან გაგვიხარდება, თუ ეს ხმა ენგურს გაღმა მაცხოვრებლებამდე მიაღწევს და მათგანაც მივიღებთ გამოხმაურებას.

დიანა მუსელიანი

_________________________________________________________________

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

_________________________________________________________________

მასალა მომზადებულია ახალი ამბების სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია «საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ჩეხეთის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S