Accentnews.ge
თბილისთან დიალოგი და თანამშრომლობა: ჩიხიდან რეალური გამოსავალი, თუ “აფხაზეთისთვის დამღუპველი ფეიქ-პროექტი”?

თბილისთან დიალოგი და თანამშრომლობა: ჩიხიდან რეალური გამოსავალი, თუ “აფხაზეთისთვის დამღუპველი ფეიქ-პროექტი”?

24/07/2020 16:09:42 კონფლიქტები

ახალი ვირუსებით გამოწვეული დაავადებების ეპიდემიები, ისევე, როგორც სხვადასხვა სტიქიები, კაცობრიობას ყოველთვის მოულოდნელად ატყდება თავს, ამდენად, მათი სრულ მზადყოფნაში დახვედრა უბრალოდ შეუძლებელია. შეიძლება მხოლოდ, ეს საფრთხე მუდმივად მხედველობაში იქონიო და ეცადო, მაქსიმალურ მზადყოფნაში იყო. თუმცა როგორც კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ გვიჩვენა, ესეც კი ყველას და ყოველთვის როდი გამოსდის, მათ შორის – ყველაზე მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებსაც კი, რომელთაგან ზოგიერთის ეკონომიკები მთელი მსოფლიოს თვალწინ კინაღამ ჩამოიშალა…

ამ ფონზე ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობა შეიქმნა აფხაზეთში, სადაც ეკონომიკა, ამ სიტყვის კლასიკური მნიშვნელობით, პრაქტიკულად არც არსებობს: მისი განვითარებისთვის ხომ თითქმის 30 წლის განმავლობაში არც ადგილობრივ მმართველებს, არც “სტრატეგიულ პარტნიორსა” და “დიდ მეგობარ” რუსეთს გაუკეთებიათ რამე; აფხაზური ბიუჯეტი მეტწილად რუსული ფინანსური დახმარების ხარჯზე ივსებოდა, ეს დახმარება კი, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო მცირდებოდა, მაინცდამაინც პანდემიის დროს საბოლოოდ შეწყდა. “სათადარიგო გეგმა” – არანაირი, რუსული დახმარების ალტერნატივებზე ხომ წლების განმავლობაში არავის უფიქრია, ხოლო სიტყვა “დივერსიფიკაცია” თითქოს გამიზნულად გააქრეს მოხმარებიდან. შედეგი – ფაქტობრივი ეკონომიკური კოლაფსი… თავად მოსახლეობა საკუთარ თავს ვერ შველის: კერძო წვრილი ტურისტული ბიზნესი, რომელიც ზაფხულობით ბევრი აფხაზური ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა, რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვასთან ერთად შეწყდა… ერთი სიტყვით – კოშმარი….

მტერს არ უსურვებ, აფხაზეთის ახალი მმართველი ამ ვითარებაში გახდეს… თუმცა ოპოზიციამ, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ თავად იყო დე ფაქტო ხელისუფლებაში და, შესაბამისად, არანაკლებაა პასუხისმგებელი შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე, გადაწყვიტა, მომენტი ხელიდან არ გაუშვას: პოლიტიკური ამბიციების გვერდზე გადადებისა და აფხაზეთის კრიზისიდან გამოსაყვანად ერთობლივი ბრძოლის ნაცვლად, იგი ასლან ბჟანიას მმართველი გუნდის წინააღმდეგ გააქტიურდა, თანაც არცთუ სამართლანი მეთოდებით. ხოლო იმ ფონზე, რომ ახალ დე ფაქტო ხელისუფლებას ბრძოლა აქვს გამოცხადებული კორუფციასა და სხვა ეკონომიკურ დანაშაულებთან, რომლებიც, სხვათა შორის, ამჟამინდელი კოლაფსის მთავარ მიზეზებს შორის ფიგურირებს, პრინციპი “საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა” დე ფაქტო ექს-პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გუნდისთვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა. და აი, ოპოზიცია, რომელიც აფხაზეთს თავად არსობრივად არაფერს სთავაზობს, ცდილობს, ბჟანიას ნებისმიერი წამოწყება უსარგებლოდ წარმოაჩინოს, ხანდახან – “მოღალატეობრივად” და “ანტისახელმწიფოებრივადაც”.

თითქმის ორი კვირაა, აფხაზეთში “რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის რევიზიის მცდელობების“ თემაზე მწვავე დისკუსიები არ ცხრება. ეს საფრთხე ერთდროულად ორი მიმართულებიდან განჭვრიტეს: ერთის მხრივ, “სტრატეგიულ პარტნიორ” რუსეთიდან, ხოლო მეორეს მხრივ – ახლადარჩეულ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გუნდისა და თბილისის “ტანდემიდან”.

პირველ შემთხვევაში შფოთვის მიზეზად შედარებით ახალდაფუძნებული და ნაკლებად ცნობილი რუსული პარტიის ოდიოზური ლიდერის – პრილეპინის ინიციატივა იქცა პოსტსაბჭოთა სივრცის არაღიარებული თუ ნაწილობრივ აღიარებული ე.წ. რესპუბლიკებისა და მათთან ერთად ბელარუსის “რუსეთთან სასწრაფოდ მიერთების აუცილებლობის” თაობაზე, რომელმაც აფხაზური საზოგადოება უკიდურესად შეურაცხყო და აღაშფოთა. ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურმა თუ საზოგადოებრივმა ძალამ, ასევე სოცქსელების რიგითმა აფხაზმა მომხმარებლებმა. განცხადებები გაავრცელეს დე ფაქტო პარლამენტმა და საგარეო პოლიტიკურმა უწყებამაც. უშუალოდ ასლან ბჟანიამ ოფიციალური გამოხმაურებისგან მართალია, თავი შეიკავა, თუმცა საკმაოდ ხისტი განცხადებები გაავრცელეს მასთან აფილირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა («აფხაზეთის სახალხო ფრონტმა», «ამცახარამ» და სხვ.). აი, წინა – რაულ ხაჯიმბას დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერმა ძალებმა კი (მაგალითად, მოძრაობა “არუაამ”) პრილეპინის ინიციატივა შედარებით რბილი ფორმით დაგმეს, კერძოდ, გამოვიდნენ ინიციატივით მისი და მსგავსი იდეების მქონე სხვა რუსი პოლიტიკოსების სოხუმში მიწვევის შესახებ მათთვის “აფხაზეთის ისტორიისა და სხვა რეალიების მშვიდობიანი და ცივილიზებული ფორმით ასახსნელად”.

მეორე შემთხვევაში მღელვარება თავად ახლადარჩეულ “პრეზიდენტ” ბჟანიას განცხადებებმა გამოიწვია თბილისთან შესაძლო დიალოგისა და სხვადასხვა, მათ შორის ვაჭრობისა და საბაჟო კუთხით შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე. კერძოდ, 3 ივლისს ბჟანიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან “აფხაზეთის აღიარებას არ ითხოვს, მაგრამ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ნებისმიერი სხვა სახის დიალოგის შესაძლებლობას შექმნიდა»; რომ მისთვის “გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ არის ხელმოწერილი ეს შეთანხმება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია” და რომ “როგორც კი ეს პუნქტი რეალიზდება, ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართება”.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზაობის შესახებ განცხადებები ბჟანიას მანამდეც - ჯერ კიდევ დე ფაქტო პრეზიდენტობის პირველ დღეებში გაუკეთებია. მაშინ მისმა ნათქვამმა თბილისში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, აფხაზური საზოგადოების ნაწილში კი – შფოთვა, რის გამოც შემდგომში ახლადარჩეულ დე ფაქტო ლიდერს რამდენჯერმე მოუწია საკუთარი მოსაზრებების განმარტება. 3 ივლისის პრეს-კონფერენციაზე ბჟანიას განსხვავებული ფაქტობრივად, აღარაფერი უთქვამს, თუმცა მისი წინამორბედის მხარდამჭერებისთვის თბილისთან დიალოგი/თანამშრომლობა “მსუყე” თემაა ბჟანიასა და მისი გუნდისთვის დიდი ჩრდილის მისაყენებლად - და ბოლო დღეებში ისინი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ.

“ბოლო პერიოდში მომსწრენი ვართ მცდელობების, ჩვენი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც დამოუკიდებლობაზეა ორიენტირებული, რევიზიას დაუქვემდებარონ. [...] ყოველგვარი საუბრები საქართველოსთან ლეგალურ ვაჭრობაზე “კონტრაბანდის აღმოფხვრის” მოტივით უსაფუძვლოა […]. აფხაზეთში არც საქონლის დეფიციტი არსებობს - ყველაფერი აუცილებელი რუსეთიდან, ან ზღვით სხვა ქვეყნებიდან შემოდის. ბჟანია და მისი გუნდი კი ამ პირობებში ფაქტობრივად, თანხმობას აცხადებენ, მიიღონ თბილისის ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც “აღიარების გარეშე ჩართულობას” ითვალისწინებს! ნებისმიერ ოფიციალურ ვაჭრობას მტრულ სახელმწიფოსთან, რომელიც არ გვაღიარებს და არ გვიფორმებს სამშვიდობო შეთანხმებას, განვიხილავთ მოღალატეობრივ დათმობად, რომელიც საქართველოს სავაჭრო ექსპანსიისა და შედეგად ჩვენი სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისად იქცევა, – ამას დამოუკიდებელი ექსპერტებიც ადასტურებენ. […] აფხაზ ხალხს უფლება აქვს, მიიღოს მკაფიო პასუხი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების გეგმების შესახებ საგარეო პოლიტიკურ კურსთან და საკუთრივ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში”- ნათქვამია წინა დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერი “არუაას” მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

რომელი “დამოუკიდებელი ექსპერტების” რა კონკრეტულ არგუმენტებს ეყრდნობოდა ხსენებული ოპოზიციური ძალა ამ განცხადებაში, მასში დაზუსტებული არ არის. გასაგები მიზეზების გამო მასში არც ისაა ნახსენები, რომ რუსეთიდან და “ზღვით სხვა ქვეყნებიდან” შესული პროდუქცია გაცილებით ძვირია ქართულზე...

საქმეში ჩაერთო მედიაც. მაგალითად, ჟურნალისტ იზიდა ჭანიას სტატია აფხაზური საზოგადოებისადმი შემდეგ მთავარ გზავნილებს შეიცავს: 1) რუსული ფინანსური დახმარება აფხაზეთში მმართველი ძალის შეცვლის გამო შეწყდა და ბჟანიას გუნდის პირობებში მის ლოდინს აზრი არ აქვს; 2) “მსოფლიოს პოლიტიკური მოწყობის კარდინალური შეცვლის გამო” რუსეთს აფხაზეთის წინაშე არანაირი ვალდებულება აღარ გააჩნია და, შესაბამისად, მიუხედავად “სტრატეგიული პარტნიორობისა”, კრიზისში მიტოვებული აფხაზები მოსკოვს არ უნდა უნაწყენდებოდნენ; 3) რუსეთი უალტერნატივო პარტნიორია თუნდაც იმიტომ, რომ რუსულმა სამხედრო ბაზებმა აფხაზეთში “საქართველოს მრავალწლიანი ტერორისტული ომი შეაჩერა”; 4) ბჟანიას გუნდი უმაქნისია, კრიზისიდან გამოსვლის არანაირი ხედვა თუ გათვლილი გეგმა არ გააჩნია, ხოლო მის მიერ თბილისთან თანამშრომლობისგან პოზიტიური “ფეიქ-მოლოდინების” შექმნა მხოლოდ “სატყუარაა” და ამ “ფანდზე” წამოგების შემთხვევაში “აფხაზებს ძალზე ძვირი ფასის გადახდა მოუწევთ - შესაძლოა, არა მარტო ფულით”.

ამასთან, ჭანია ავითარებს აზრს, რომ “ამჟამინდელ პრეზიდენტს ძალიან გაუმართლა” და აფხაზეთის მართვა უწევს ისეთ “კომფორტულ” პირობებში, როგორიც არც ერთ მის წინამორბედს არ ჰქონია, მაგრამ ამ შესაძლებლობის აფხაზეთის სასიკეთოდ გამოყენების ნაცვლად, იგი დაკავებულია “ქვეყნისთვის დამღუპველი ფეიქ-პროექტების ლობირებით”:

“ძველი ოპოზიცია კვდომის პროცესშია, ახალი ჯერ არ მომძლავრებულა [...], საზოგადოებაც გადაიღალა მუდმივი რყევებით […]. მაშასადამე, ძალზე შესაფერისი დროა, ეს უნიკალური შანსი გამოიყენონ და მშვიდად იმუშავონ კანონმდებლობაზე, ქვეყნის შიგნით ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებაზე, ჩინოსნების აპარატის შემცირებაზე, თვითმმართველობის ორგანოების გაძლიერებაზე, კონტროლის სისტემის შემოღებაზე, რეფორმებსა და ბევრ სხვაზე, იმის მაგივრად, რომ დევნიდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს და ლობირებდნენ სახელმწიფოსთვის დამღუპველ პროექტებს”.

იმაზე, თუ რატომ შეწყდა რუსეთის დახმარება ბჟანიას მოსვლისთანავე, “მსოფლიოს პოლიტიკური მოწყობის” რა “კარდინალურმა შეცვლამ” მოუხსნა “სტრატეგიულ პარტნიორ” რუსეთს აფხაზეთის დახმარების ვალდებულება, თანაც ესოდენ კრიზისულ მომენტში, ან რატომ არ გააკეთეს წინა დე ფაქტო ხელისუფლებებმა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაფერი ის, რასაც ჭანია დღეს – პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის “კომფორტულ” პირობებში ახალმოსული ბჟანიას გუნდისგან ერთბაშად მოითხოვს, ან კონკრეტულად რით არის თბილისთან დიალოგისა და თანამშრომლობის ინიციატივა აფხაზეთისთვის “დამღუპველი ფანდი” - ჟურნალისტი არაფერს ამბობს….

თავად ასლან ბჟანიას მის მიმართ ამ მწვავე კრიტიკისთვის ჯერ არ უპასუხია. თუმცა განცხადება გაავრცელა პროსახელისუფლებო პარტია «ამცახარამ». მან შეახსენა ყოფილ "სახელისულფებო" პარტიას, რომ “საქართველოსთან ურთიერთობების საკითხი დღის წესრიგში ომის დასრულებისთანავე დადგა”, რომ ამის საჭიროებასა და “ხელისშემშლელ ძალებზე” ჯერ კიდევ პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა საუბრობდა. ამასთან, “ამცახარამ” მიანიშნა იმაზე, რომ ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს "პირადი ინტერესი აქვთ კონტრაბანდული ბრუნვის შენარჩუნებაში და მსგავსი პოპულისტური განცხადებებით სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას ცდილობენ":

«[…] მეზობლებთან საზღვრების გახსნა და ლეგალური სავაჭრო ურთიერთობების დაწყება – ეს გარღვევა იქნება ეკონომიკაში. სახელმწიფო ვერ იქნება დამოუკიდებელი განვითარებული ეკონომიკის, აღჭურვილი ჯარის, სოციალურად უზრუნველყოფილი მოსახლეობის გარეშე, მასშტაბური კორუფციისა და ტოტალური უმუშევრობის პირობებში. საქართველოსთან საზღვრის გახსნისა და ვაჭრობის შეუძლებლობაზე საუბრისას “არუაა” თვალთმაქცობს და შესაძლოა, ცდილობს, სწრაფად აქციოს საკუთარი ბიზნესი პოლიტიკად. უკვე მრავალი წელია, მიმდინარეობს უკანონო ეკონომიკური საქმიანობა – კონტრაბანდა მდინარე ენგურის კვეთით აფხაზეთის ტერიტორიაზე. სრულიად შესაძლებელია, ეს ვითარება აწყობდეთ მათ, ვინც უკანონო გამდიდრების ერთპიროვნული უფლებით სარგებლობს. […] დღეს, როცა მოქმედმა ხელისუფლებამ აქტიური ბრძოლა დაიწყო კორუფციის, კონტრაბანდის, სახელმწიფო საკუთრების მითვისებისა და სხვა დანაშაულების წინააღმდეგ, მათ ბევრი რამის ეშინიათ, თუმცა დადგა პასუხისგების დრო».

უფრო რბილი, მაგრამ ბჟანიას ინიციატივის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა პარტია “ერთიანმა აფხაზეთმაც”:

«[...] რეალობის იგნორირება დაუშვებელია, ამ რეალობაში კი ჩვენს ქვეყანას პოლიტიკური კავშირების არარსებობის პირობებში გააჩნია დე-ფაქტო კავშირები საქართველოსთან: არის ენგურჰესი, რომელიც ფაქტობრივად, ორი ქვეყნის მმართველობაშია; არის ტვირთბრუნვა ორ ქვეყანას შორის; ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები… ამ ვითარებაში აუცილებელია, მოიძებნოს აფხაზური სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის მისაღები ურთიერთობების ფორმულა. ვითარების იგნორირებას და აკრძალვების მეთოდებით მოქმედებას კარგი არაფერი მოაქვს".

გარდა ამისა, პარტია თვლის რომ "საქართველოსთან არსებული სავაჭრო ბრუნვის ლეგალიზება" – ეს არა "თბილისისთვის დათმობა" იქნება, არამედ "პირიქით - ფაქტობრივად, სრულფასოვანი საზღვრის დადგენა".

"[…] მთლიანობაშიც, ვთვლით, რომ დიდი ხანია, დადგა აფხაზური სახელმწიფოს სამომავლო განვითარებაზე საუბრის დრო და თუ უახლოეს ხანებში ძირითადი პოლიტიკური ძალები ყველანი ერთად არ მივაღწევთ კონსენსუსს იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს აფხაზური სახელმწიფო ХХI საუკუნეში, ჩვენ ის შეიძლება, საერთოდ დავკარგოთ” - აღნიშნულია მის განცხადებაში.

14 ივლისს ბჟანიას გუნდის საგარეო პოლიტიკური ხედვა უკვე ოფიციალურ დონეზე - დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებით განიმარტა:

“[... ] ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის ძირითად ამოცანას ჩვენთვის წარმოადგენს კომპრომისული გადაწყვეტილებების ძიება აფხაზეთისა და საქართველოს რესპუბლიკებს შორის ერთმანეთის მიმართ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების საერთაშორისო გარანტიებით გასაფორმებლად. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა №1 ამოცანაა და სწორედ ამ პოსტულატით ვხელმძღვანელობთ. ნაკლებ სავარაუდოა, ამ მარტივ ჭეშმარიტებებს მტკიცება სჭირდებოდეს ჩვენი სახელმწიფოს შიგნით. […] ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ისაა, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის პოლიტიკური სტატუსი განმტკიცებულია კონსტიტუციით და გადახედვას არც ერთ შემთხვევაში არ ექვემდებარება. ამასთანავე, ჩვენ ვემხრობით ღიაობისა და სრულფასოვანი თანასწორუფლოებიანი ურთიერთობების შენების პრინციპებს ყველა დაინტერესებულ პარტნიორთან, რომელიც ამ პრინციპებს იზიარებს და პატივს სცემს აფხაზეთის სუვერენიტეტს. პრეზიდენტი აპირებს, მომავალშიც მტკიცედ დაიცვას ეს პრინციპები ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმაზე აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დასაცავად”.

მიუხედავად ამისა, დე ფაქტო პარლამენტმა საჭიროდ ჩათვალა, ჩანიშნულიყო საგანგებო მოსმენები ასლან ბჟანიას დე ფაქტო სახელისუფლებო გუნდის “საგარეო პოლიტიკური ხედვების” გასარკვევად – როგორც თბილისის, ისე მოსკოვის მიმართულებით. პირველი – საკომიტეტო მოსმენა დღეს გაფართოებულ ფორმატში – ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით დაიწყო.

მოჰყვება თუ არა რაიმე განვითარება ბჟანიას ინიციატივას – უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. თუმცა ფაქტია, რომ ამჟამინდელი კრიზისი რეალობად აქცევს ბევრ თითქოსდა შეუძლებელს. მაგალითად, თბილისთან დიალოგისა და თანამშრომლობის იდეას, რომლის საჯაროდ გაჟღერებას სულ ცოტა ხნის წინ აფხაზეთში ცალკეული პირებიც კი ძნელად თუ გაბედავდნენ, ახლა კი უკვე ფართოდ განიხილავენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე პოლიტიკური ძალები და დე ფაქტო ხელისუფლებაც.

“ჩემი აზრით, ის შიდა აფხაზური პოლიტიკური "პინგ-პონგი", რომელსაც ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს, ჩვეული თამაშია, რეალურად კი, ყველას ესმის, რომ სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე წესრიგს არ დავამყარებთ, სანამ არ დავიწყებთ სახელმწიფოს შენებას, რეალური სახელმწიფო ინსტიტუტების, ეკონომიკის განვითარებას, უამრავ საკითხში ნამდვილ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე საუბარი არ შეგვეძლება. ვფიქრობ, ეს ხალხსაც ესმის, ჩვენს პოლიტიკოსებსაც და ამ უკანასკნელებს თავადაც მობეზრდათ წლიდან წლამდე ერთი და იგივე. რუსეთსაც, როგორც ჩანს, უკვე საგრძნობლად მობეზრდა მუდმივად ჩვენი კვება. ალბათ, ისიც იმედოვნებს, რომ თავად მოვახერხებთ მისი ტრანშების გარეშე რამეს და დავიწყებთ განვითარებას” – აცხადებს ამასთან დაკავშირებით აფხაზეთში მოღვაწე პოლიტოლოგი ალხას ტხაგუშევი.

თუ სოცქსელებში კრემლის ე.წ. ტროლების შესამჩნევი გააქტიურებით (და არა მარტო ამით) ვიმსჯელებთ, აფხაზეთში განწყობების შეცვლა, როგორც ჩანს, საკმაოდ აღელვებთ მოსკოვში:

რაც შეეხება რიგით აფხაზებს, აზრი ორადაა გაყოფილი:

“დავიწყოთ იმით, რაც ყველამ ვიცით, მაგრამ ოფიციალურად არავინ “იმჩნევს” - ვაჭრობა დიდი ხანია, მიმდინარეობს და ადამიანების გარკვეული წრე ამაზე ფულს შოულობს. თუკი ეს ყველაფერი ჩრდილიდან გამოვა, კანონს დაექვემდებარება, გაოფიციალურდება და ლეგალური ვაჭრობის დაწყება ჩვენს სახელმწიფოს სიკეთეს მოუტანს, ბიუჯეტს შეავსებს, ამიხსნან მოწინააღმდეგეებმა, რატომ არ უნდა წავიდეთ ამაზე?! თუ ამას კეთილსინდისიერი ადამიანები გააკეთებენ კეთილსინდისიერი – ჩვენი ქვეყნის სასიკეთო მიზნით, ეს ცუდია?!” - თვლის სოხუმელი გ.კ.

“სანამ საქართველოსთან სამშვიდობო შეთანხმება და ოფიციალური უთიერთობა არ გვაქვს, ამაზე საუბარი დაუშვებლად მიმაჩნია. არ ვიცი, რა მოხდა რუსეთთან, რატომ შემცირდა მისი მხრიდან დახმარება – ეს ჩემი საქმე არ არის... და გასაჭირი, რომელშიც ვიმყოფებით, ბუნებრივია, არც მე მომწონს და არავის ნორმალურს... მაგრამ ალბათ, არსებობს უნდა მოიძებნოს სხვა გზები – მე ნუ მკითხავთ, რომელი და როგორი – ეს ხელისუფლებას ჰკითხეთ, მისი მოვალეობაა, იფიქროს და არა მარტო იფიქროს, არამედ დროულადაც იმოქმედოს ამ მიმართულებით” – ამბობს გაგრელი ზ.ა..

ამ ახალ რეალობაში ბევრი რამ ალბათ, თბილისის სწორ, კარგად გათვლილ, გააზრებულ მოქმედებაზე იქნება დამოკიდებული. მოიმოქმედებს თუ არა რამეს თბილისი და საკუთრივ რას – დრო გვიჩვენებს.

მანამდე კი “აქცენტმა” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს სთხოვა, კიდევ ერთხელ, მარტივი და გასაგები ენით განემარტა აფხაზური საზოგადოებისთვის, რას სთავაზობს თბილისი სოხუმს და რა პირობებით. აფხაზმა მკითხველმა კი უკვე თავად გადაწყვიტოს, არის თუ არა ეს წინადადებები “აფხაზური სახელმწიფოებრიობისთვის დამღუპველი” და სჭირდება თუ არა ეს ყველაფერი სადღეისოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილ სოხუმს:

"საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას იძლევა დეპოლიტიზირებული მიდგომებისა და სტატუს-ნეიტრალური ინსტრუმენტების გამოყენებით. კერძოდ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები პირის მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე, ხელთ არსებული ე.წ. აფხაზური დოკუმენტების საფუძველზე ინდივიდუალური ნომრის მიღების გზით. ამასთან, ბიზნესსაქმიანობაში ჩართული სუბიექტი გათავისუფლებულია დღგ-ის, საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან".

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

_________________________________________________________________

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

_________________________________________________________________

მასალა მომზადებულია ახალი ამბების სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია «საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ჩეხეთის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S