Accentnews.ge
განვითარდე რუსეთს მიღმა. აფხაზი ახალგაზრდობა სხვა ცხოვრებაზე ოცნებობს

განვითარდე რუსეთს მიღმა. აფხაზი ახალგაზრდობა სხვა ცხოვრებაზე ოცნებობს

21/07/2020 12:55:05 კონფლიქტები

თაობა, რომელიც არაფრისკენ ისწრაფვის. ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რა სურთ. ხშირად სწორედ ასე მსჯელობენ ახალგაზრდობაზე. და ამგვარი მსჯელობა ყოველთვის საფუძვლიანი როდია. თუმცა აფხაზეთში მართლაც იზრდება თაობა ყოველგვარი სწრაფვის გარეშე. ახალგაზრდების უმრავლესობა სკოლის დამთავრების შემდეგ სრულიად გულგრილია იმ ფასეულობების მიმართ, რომელთაც ჯერაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ აფხაზურ საზოგადოებაში. ახალგაზრდები პირად კომფორტს უფრო აფასებენ. ამასთან, ისინი სულაც არ ისწრაფვიან კარიერული ზრდისკენ, რაღაცის მიღწევისკენ. მათ ყველაფერი აწყობთ. ან თითქმის ყველაფერი.

მაგრამ შეგვიძლია კი, ამაში მარტო ისინი დავადანაშაულოთ? უკვე თითქმის 30 წელია, აფხაზეთში ახალი თაობა საკმაოდ იშვიათად ახსენდებათ. როგორც წესი — საარჩევნოდ და «ასაჩუქრებენ» ათასგვარი დაპირებით. ეს გასაგებიცაა. მთელი დანარჩენი დროის განმავლობაში — სრული მივიწყება.

თუმცა არა, მრავალი წლის წინ სახელმწიფომ მოულოდნელად გადაწყვიტა, გამოეჩინა ზრუნვა საწყალობელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებზე და «დაასაჩუქრა» ისინი შესაძლებლობით, მსოფლიო ენახათ. ეს ერთგვარი ფორმა იყო გაცვლითი სწავლების. მაგრამ ამ პროგრამით მხოლოდ რჩეულებმა ისარგებლეს. აფხაზეთის 16-დან 25 წლამდე ასაკის მკვიდრთა უმრავლესობისთვის პროექტი მიუწვდომელი დარჩა.

ფსიქოლოგების აზრით, ომის შემდგომი წლების განმავლობაში აფხაზეთში გაიზარდა ე.წ. «ცივილიზებული განდეგილების» თაობა - ადამიანებისა, რომლებსაც არაფერი სურთ და არაფრის სჯერათ. და მიუხედავად ამისა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, «ერთსა და იმავე მოვლენაზე ასობით განსხვავებული ხედვის პირობებში ახალ თაობას გაუჩნდა მოთხოვნილება, თავად გაერკვეს, რაა სიმართლე, რა - არა».

«თანამედროვე აფხაზი ახალგაზრდობა მნიშვნელოვნად განსხვავდება თავისი ინტერესებით 10-20 წლის წინანდელისგან. ეს ახალი თაობა ახალ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პირობებში აღიზარდა. შეუძლებელია, ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება ყურადღებას არ იპყრობდეს, ამიტომაც სახეზეა პოლიტიკური თვითშეგნების აქტივიზაცია, რაც საზოგადოებრივი პრობლემების ინტენსიურ განხილვაში გამოიხატება», - ამბობს ფსიქოლოგი ანა ტ.

თუმცა რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ახალგაზრდობის ახალი ინტერესებით გატაცებას სახელმწიფო საკმაოდ სერიოზულად აკონტროლებს. მაგალითად, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან დაახლოების, იგივე საქართველოში, თურქეთში, ჩეხეთსა თუ აშშ-ში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვის ყველა მცდელობა მკაცრად ისჯება.

ამაზე მკაფიო წარმოდგენას ქმნის ბლოგერ დავით გობეჩიას, ასევე პოეტ და პუბლიცისტ დიმიტრი გაბელიას ისტორია. გასულ წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს მათ ენგური გადაკვეთეს საქართველოსა და თურქეთში დაგეგმილ რამდენიმე ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობის მიზნით. რამდენიმე თვის განმავლობაში ახალგაზრდები თბილისსა და სტამბოლს შორის გადაადგილდებოდნენ, ურთიერთობდნენ იქაურ თანატოლებთან და ამ პროცესში «აგემოვნებდნენ» არა ჩვეულ რუსულ, არამედ ახალ — ევროპულ ტენდენციებს. თუმცა შინ დაბრუნებულებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ელოდათ და საქმე მართალია, პირობითი, თუმცა მაინც ნასამართლევობით დასრულდა.

ეჭვობდნენ, რომ ახალგაზრდებმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს. გამოძიებამ არ გაითვალისწინა, რომ უკვე ორი წელია, საქართველოში მოქმედებს სამშვიდობო ინიციატივა სახელწოდებით «ნაბიჯი უკეთესი მომალისკენ». მის ფარგლებში განათლების მიღება და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა სულაც არ საჭიროებს საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფლობას. შექმნლია სრულიად ნეიტრალური ინსტრუმენტი – რეგისტრაცია ინდივიდუალური ნომრით, რომლის საფუძველზეც ახალგაზრდას უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება და დაფინანსების მიღება შეუძლია, ეს პირადი ნომერი კი აფხაზური დოკუმენტების საფუძველზეც გაიცემა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ინდივიდუალური ნომერი საქართველოში მოქალაქეთა ყველა კატეგორიას ენიჭება, უცხოეთის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების ჩათვლით. ასე, რომ აფხაზ ახალგაზრდობას, რომელიც განათლების მიღებას, განვითარებას და რაღაცის მიღწევას რუსეთს მიღმა მოისურვებს, სულაც არ სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა.

ინტერნეტის, მაღალი ტექნოლოგიებისა და კოლოსალური საინფორმაციო ნაკადის საუკუნეში აფხაზი ახალგაზრდობა ხედავს, როგორ ვითარდებიან მისი თანატოლები უცხოეთში. და ვინაიდან რუსეთის მიმართ ინტერესი ამ ფონზე მნიშვნელონად შემცირდა, სტრატეგიულმა პარტნიორმა ახალგაზრდა გონებებზე ზემოქმედების ახალი ფორმა მოიფიქრა. როცა «მხოლოდ რუსეთის მოყვარულთა» გუნდში საკმარისი რაოდენობის აფხაზი ახალგაზრდობის შეთრევა ვერ მოხერხდა, გაჩნდა პროექტი ჟღერადი სახელით «აფხაზეთის სიამაყე». მის ფარგლებში ახალგაზრდების ჯერ კიდევ მყიფე გონებას შეუმჩნევლად «ამუშავებდნენ», რათა ისინი რეალურ მიზანს მაშინვე არ მიმხვდარიყვნენ (ბევრი ამ დრომდე ვერ მიხვდა). არადა, ეს მიზანი ნათელია — რუსეთთან მიერთების ინიციატივა «უდიდეს სიკეთედ» ჩაითვალოს, «და საერთოდაც, იმაში, რომ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა, ცუდი არაფერია».

დღითიდღე რუსეთის მოქმედი სახელმწიფო მრჩეველი, მოსკოვში მცხოვრები აფხაზი ინალ არძინბა თავბრუს ახვევდა აფხაზ ახალგაზრდობას, ახდენდა რა იმის მაგალითის დემონსტრირებას, რა «კარგია რუსეთში ცხოვრება» - აქაოდა, ვისწავლე, კარიერა აბიწყვე, ამხელა სიმაღლეებს მივაღწიე რუსეთში და ასე ნებისმიერი მსურველი შეძლებს — მთავარია, რუსეთს იქით არსად გაიხედოს და მოინდომოსო.

ამ «გრანდიოზული» იდეების დეკლამატორებად სრულიად რიგითი ადამიანები შეარჩიეს, რომელთა შესახებაც აფხაზურ საზოგადოებაში არავინ არაფერი იცოდა. და ახალგაზრდობამ, რომელსაც თვითრეალიზების სხვა არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნდა, დაიჯერა და საქმეში ჩაება.

«ნორმალური ცხოვრების უფლება წაგვართვეს. ამ პროექტში მონაწილეობის გარდა, აღარაფერი გვრჩება. რისი მიღწევა შეუძლია ახალგაზრდა კაცს აფხაზეთში? - არაფრის. ყველგან ყველაფერი იბლოკება. ეს პროექტი კი რაღაც შანსს მაინც გვაძლევს», - თვლის არკადი ბ.

«და სხვა რა ვაკეთოთ? ასე სადღაც გასვლის შესაძლებლობა მაინც გვეძლევა. რა გაგვაჩნია? ვერც კინოში წახვალ, არც სხვა გართობა არსებობს. გუდაუთის სანაპიროზე ვიაროთ ყოველდღე? მომბეზრდა ყველაფერი. ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე სახეები. არანაირი პერსპექტივა არ ჩანს», - ამბობს გუდაუთელი ალინა ჩ.

აფხაზი ახალგაზრდობის უმრავლესობისთვის ნორმალური, სრულფასოვანი ცხოვების ოცნება თვალწინ დნება. და თუ 5-6 ლის წინ იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც რუსეთში ცხოვრება და მუშაობა სურდათ, ძალზე მცირე იყო, ახლა ამით ვეღარავინ დაიკვეხნის. სულ უფრო ხშირად ისმის საუბრები იმაზე, რომ სტრატეგიული პარტნიორისა და დიდი მეგობრის მიერ გადმოგდებული ლუკმის წყალობით არსებობა — ეს სირცხვილია, ხოლო «იქცე დიდი სახელმწიფოს ნაწილად — ეს არის არა უბრალოდ გამოსავალი, ნაჩუქარი დიადი სახელმწიფოს მიერ, არამედ შანსიც, იღბალიც, რომელიც რესპუბლიკის მოსახლეობას შესაძლოა,აღარასოდეს მიეცეს».

იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ღირებულებითი ორიენტირების ახალ სისტემაში განვითარება სურთ, აფხაზეთში თვალწინ იკლებს. თქმა იმისა, რომ ყველაფერი დაკარგულია, რა თქმა უნდა, ნაადრევია, რადგან ჯერ კიდევ არსებობს ახალგაზროდობის ნაწილი, რომლისთვისაც სამშობლოს ბედი სულერთი არ არის. მაგრამ თავად დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულობის მდგომარეობამ, მკაცრად «შემოღობილი» პრორუსული მიმართულებით «დამუშავებამ» შესაძლოა, თავისი შედეგი მალე გამოიღოს. და აფხაზური ახალგაზრდობა, რომლის უმრავლესობისთვის სხვაგვარად ცხოვრება უბრალოდ უცნობია, უკვე თვალსაწიერ მომავალში აღმოჩნდება ხაფანგში, რომლისგან თავის დაღწევაც უკვე შეუძლებელი იქნება.

ასტანდა ბგანბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S