
ოთარ კობახიძე ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოაძევეს (ვიდეო)
03/06/2025 13:27:00
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოაძევეს მოქალაქე ოთარ კობახიძე, რომელიც იქ ქალიშვილთან ერთად იყო ჩასული და სოციალურ ქსელში ამ ვიზიტის ამსახველი ვიდეო გაავრცელა ტექსტით - "33 წლის შემდეგ სამშობლოში დავბრუნდიო".
როგორც აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების განცხადებაშია განმარტებული, ხსენებულ ვიდეოს "ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა", რის გამოც უწყების თანამშრომლებმა რუსეთის მოქალაქე კობახიძეს გაგრის რაიონში ჩააკითხეს, დააკავეს და "რესპუბლიკის ტერიტორიიდან გააძევეს".
იქვე დე ფაქტო უშიშროება აქვეყნებს კობახიძის დაკითხვის ვიდეო-ჩანაწერს, რომელშიც იგი "აფხაზ ხალხს მომხდარის გამო ბოდიშს უხდის".
"იმის გამო, რომ მსგავსი ვიდეოები აფხაზეთის მოქალაქეების პატრიოტულ გრძნობებს შეურაცხყოფს, ასევე კონფლიქტური სიტუაციებისა და საზოგადოებაში შემდგომი ესკალაციების თავიდან ასაცილებლად უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა მოქალაქე კობახიძე რუსეთის ფედერაციის საზღვრამდე მიაცილეს და სამომავლოდ იგი აფხაზეთის ტერიტორიაზე ვეღარ შემოვა. კომიტეტი აფრთხილებს ყველას, რომ ყვეკა მსგავს შემთხვევას შესაბამისი ოპერატიული რეაგირება მოჰყვება" - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ადრეც ჩასულან ქართული წარმომადლობის რუსეთის მოქალაქეები, მაგალითად 2024 წელს ბიზნესმენი ერასტი ბუკია იმყოფებოდა, ვიზიტის დროს მან განაცხადა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, რის საფუძველზეც იგი რუსეთში გააძევეს.