Accentnews.ge
რა იგულისხმა ღარიბაშვილმა და რა უნდოდა ფაშინიანს

რა იგულისხმა ღარიბაშვილმა და რა უნდოდა ფაშინიანს

04/03/2020 11:45:48 კავკასია, ანალიზი

3-4 მარტს საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სტუმრობდა. პოლიტიკური ლიდერები შეხვედრების შემდეგ მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლნენ პარტნიორობის, ეკონომიკური თანამშრომლობის, რეგიონში მშვიდობის განმტკიცებისთვის ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობის შესახებ. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, „გაჩნდა ახალი ფაქტორები, რომლებიც ჩვენს მეგობრობას კიდევ უფრო განუყოფელს ხდის და აძლიერებს ჩვენს მისწრაფებას თანამშრომლობისკენ, რაც, უპირველეს ყოვლისა, ორი ხალხის დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული მომავლის აშენებისკენ მიმართული საერთო ხედვაა – ხედვა, რომელიც წარუშლელია და რწმენის ძალა აქვს“. უშუალოდ ამ ვიზიტს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში სტუმრობა უსწრებდა წინ. როგორც ამასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, ფაშინიანთან შეხვედრაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს“.

რას გულისხმობს ღარიბაშვილის მიერ ხსენებული „დაბალანსებული პოლიტიკა“ გამოწვევებით სავსე რეგიონში, მით უფრო, რომ საქართველოს (რიტორიკის დონეზე მაინც) გამოკვეთილად პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი აქვს? რა რესურსი აქვს ქვეყანას რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და კონკრეტულად რა გეგმით ესტუმრა საქართველოს მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი? - ამ საკითხებზე „აქცენტი“ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ გიორგი გობრონიძეს ესაუბრა.

„სომხეთში არსებობს გარკვეული შიშები, რომ საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის პარტნიორობა შესაძლოა, მის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. ჩვენ რთულ გარემოში გვიწევს არსებობა: რაც საქართველო-სომხეთის ურთიერთობას აუმჯობესებს, ის აუარესებს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობას და პირიქით. მსგავს ვითარებაში აუცილებელია, ბალანსის მიმართულებას გაესვას ხაზი, რომ საქართველოს მრავალმხრივი პარტნიორობა და სამეზობლო პოლიტიკა რომელიმე მეზობლის წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯის გადადგმას არ გულისხმობს. ჩვენ არაფერში გვჭირდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გარკვეული გართულებები: ეს უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე: რეგიონული ეკონომიკური პროცესი ისედაც ფრაგმენტირებულია (სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა შეუძლებელს ხდის ეკონომიკურ ინტეგრაციას; მუდმივი სამხედრო დაძაბულობის კერები არსებობს). ამ დროს სწორ გზავნილად მიმაჩნია ის, რომ ჩვენ ბალანსს ვემხრობით და მეზობლებთან ურთიერთობისას რომელიმე მხარის დაკავება არ გვსურს“.

გობრონიძე ნიკოლ ფაშინიანის მიერ გაპრემიერებისთანავე გაკეთებულ განცხადებას იხსენებს იმის შესახებ, რომ „საქართველო-სომხეთის ურთიერთობაში დიდი სახელმწიფოები ფრჩხილებს გარეთ უნდა გავიტანოთ“:

„სომხეთშიც კარგად აცნობიერებენ, რომ რუსულ-სომხური პარტიორობის ფონზე, ქართულ-რუსული კონტექსტიდან გამომდინარე, ქართულ-სომხური პარტნიორობა რთულია. ესმით ისიც, რომ ჩვენთან პარტნიორობის გარეშე მათ სერიოზული გამოწვევები აქვთ: სომხეთის «სიცოცხლის ხაზი» საქართველოზე გადის. დიდი ალბათობით, სომხეთის პრემიერის ახლანდელი ვიზიტიც იმასაც შეეხებოდა, რომ კორონავირუსის ფონზე სომხეთისთვის მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრირება არ გართულდეს, რომ სომხეთის მდგომარეობით ჩვენ არ ვისარგებლოთ: მოგეხსენაბათ სომხეთს ირანთან საზღვრის ჩაკეტვა მოუწია და ერევნის მდგომარეობა სადღეისოდ გართულებულია. სომეხი გადამზიდავები სულ იმას წუწუნებენ, რომ ინდოეთის ოკეანედან ტვირთის ფოთის პორტამდე მიტანა იგივე უჯდებათ, რაც ფოთის პორტიდან - სადახლომდე [საბაჟო-გამშვები პუნქტი საქართველო-სომხეთის საზღვართან]. სომხეთის მომარაგებაზე ჩვენ გარკვეული მონოპოლია გვაქვს და მაღალი ალბათობით, საუბარი შეეხებოდა იმასაც, რომ კიდევ მეტად არ დამძიმდეს ეს მონოპოლია, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოსა და სომხეთს შორის თავისუფალი მიმოსვლა, მით უფრო - კრიზისების ფონზე“.

რა რესურსი აქვს საქართველოს რეგიონში პოზიციონირებისთვის?

„ზოგადად, საქართველოს რეგიონში საუკეთესო პოზიცია აქვს: ჩვენ რეგიონულ დინამიკაში პოზიტიური როლის თამაში შეგვიძლია. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს არ ესაუბრებიან, თბილისს აქვს პოტენციალი, სომხურ-აზერბაიჯანული დიალოგისთვის პლატფორმად იქცეს; გახდეს ახალი დიპლომატიური ინიციატივების ავტორი. ჩვენი დასავლური ინტეგრაციისთვისაც სასარგებლოა, პარტნიორებს ვაჩვენებდეთ, რომ თბილისი ევროპულ სტაბილურობას არა მხოლოდ ითხოვს, არამედ თავად არის მისი ერთ-ერთი შემოქმედი»,- ფიქრობს გობრონიძე.

აქვს კი საქართველოს საკმარისი ავტორიტეტი?

„ავტორიტეტი და წონა გარკვეული მცდელობების შემდეგ მოდის“,- პასუხობს კითხვას გობრონიძე და იქვე დასძენს, რომ „სათანადო მცდელობები ამ მიმართულებით საქართველოს არც ერთ ადმინისტრაციას არ ჰქონია“:

„ჩვენი დიპლომატია პროაქტიურობას ყოველთვის მოკლებული იყო - მეზობლებსა და პარტნიორებს ურთიერთობების დღის წესრიგს ნაკლებად ვთავაზობდით და მეტად ვიყავით რეაქციულ პოზიციაში. ეს პრობლემას ქმნის. გარდა ამისა, ჩვენ რომ ავტორიტეტი და წონა გვქონდეს, ასევე გვჭირდება დემოკრატიის მაღალი ხარისხი, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, სულ მცირე, საფრთხეებთან გამკლავების მაღალი ოპერატიულობის ხარისხის დემონსტრირება და ბევრი სხვა რამ, რაც გვაკლია. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ არსებობს პოტენციალი. ანუ, თუ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგის მიღება შეგვიძლია, თუმცა ამისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება. კარგი პოზიცია არ ნიშნავს, რომ მას სათანადოდ ვიყენებთ“.

რა აბრკოლებს საქართველოს პონეტციალის რეალიზებაში?

გობრონიძე ერთ-ერთ გარემოებად პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობას ასახელებს:

„ყველა პოლიტიკურ გუნდს განსხვავებული ხედვა აქვს, მათ შორის - პროდასავლურებსაც. თეორიულად თანხმდებიან, რომ ნატო-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობა სურთ, მაგრამ გზების თაობაზე მათი ხედვები იყოფა. წინა და ამჟამინდელი ადმინისტრაციების პირობებში დასავლეთთან თანამშრომლობის განსხვავებული მოდელები გვაქვს. არ არსებობს სტრატეგიული ხედვები და ამას თავისი ახსნა აქვს: ჩვენნაირი პოლიტიკური სისტემის ქვეყნებში პოლიტიკური ძალები გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოს ნაკლებად უყურებენ და კონცენტრირებულნი არიან არა სახელმწიფოს განვითარებაზე, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაზე. ამის ნათელი დემონსტრირებაა ყველა ის არჩევნები, რომელიც საქართველოში ჩატარებულა. ამ რეალობაში გრძელვადიან ხედვებზე საუბარი გაგვიჭირდება. ჩვენი ტიპის ქვეყანაში, როდესაც ეგზისტენციური საფრთხეების მთელი წყება გვაქვს, საგარეო პოლიტიკა დიდი პოლიტიკური კონსენსუსის პროდუქტი უნდა იყოს, რათა ჩვენს პარტნიორებს სულ მცირე, იმის არ ეშინოდეთ, რომ ხელისუფლების ცვლილება ქვეყანასთან ურთიერთობების გადახედვას გამოიწვევს. ცალკე სერიოული გამოწვევაა ქვეყანაში პრორუსული ძალების არსებობაც“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S