Accentnews.ge
საია: მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ გვაწვდიან

საია: მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ გვაწვდიან

30/01/2025 12:08:29 საზოგადოება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის "ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწვდიან".

როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატების შეფასებით, მზია ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა.

„მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია.

შესაბამისი უწყებები არ გვაწვდიან ინფორმაციას მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა.

მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს. მისი შიმშილობის რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც მზია ამაღლობელია მოთავსებული, ისე, სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის სამედიცინო წარმომადგენლის მიერ მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები, თუმცა, კონკრეტულად კვლევები და მათი შედეგები, უცნობია.

მართალია, კანონმდებლობით დადგენილია მოშიმშილე ბრალდებულის მოვლის წესები, თუმცა, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი მზია ამაღლობელის მოვლა. მით უფრო, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, მხედველობის სერიოზული პრობლემები და შესაძლოა არსებობდეს მათი გამწვავების რისკები.

შესაბამისად, მივმართავთ სახალხო დამცველს:

  • სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი.
  • მოგვაწოდოს მზია ამაღლობელთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად;
  • გამოითხოვოს პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელის შიმშილობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და გადმოგვცეს მათი ასლები;
  • შეაფასოს მზია ამაღლობელის შიმშილობიდან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესაბამისობა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, ამ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანია იმის შეფასება, ხომ არ სჭირდება მას მრავალპროფილური დახმარება და რამდენად მზადაა მისი მოთავსების დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
  • უზრუნველყოს წარმომადგენელის/ექიმის მიერ მოშიმშილე პატიმრის ყოველდღიური მონახულება და მისი ჯანმრთელობის კონტროლი.

მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რათა თავიდან ავიცილოთ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო გამოუსწორებელი შედეგები“, - აღნიშნულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.

მზია ამაღლობელი მე-19 დღეა, შიმშილობს. როგორც მისი მეგობრები და კოლეგები ამბობენ, მას აქვს რამდენიმე სახის ქრონიკული დაავადება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ცნობისთვის: მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15 იანვარს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა. 16 იანვარს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.

"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.

"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - განმარტა ქურდოვანიძემ.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S