Accentnews.ge
"ჰუმანიზმი" და "სახელმწიფო ინტერესი", თუ რეპრესიებისთვის  „სამუშაო ძალის“ მობილიზება? - ყაველაშვილმა 613 პატიმარი შეიწყალა

"ჰუმანიზმი" და "სახელმწიფო ინტერესი", თუ რეპრესიებისთვის „სამუშაო ძალის“ მობილიზება? - ყაველაშვილმა 613 პატიმარი შეიწყალა

19/01/2025 21:26:32 პოლიტიკა, სამართალი

"ოცნების" ხელისუფლების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული შეიწყალა. ამ მასშტაბური აქციის საფუძვლად "ჰუმანიზმის პრინციპი და სახელმწიფო ინტერესი" დასახელდა. შეწყალებულთა შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

"საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს. გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად" - ნათქვამია ყაველაშვილის ადმინისტრაციის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თუმცა "ოცნების" პოლიტიკურ ოპონენტებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დამკვირვებლებს ეჭვი ეპარებათ, ესოდენ მასშტაბური შეწყალება მართლაც "ჰუმანურობის პრინციპით" იყოს ნაკარნახები. არაერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ რეალურად, "ოცნება" რეპრესიებისთვის საჭირო „სამუშაო ძალის“ მობილიზებას ცდილობს.

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, იურისტი ნათია მეზვრიშვილი ამ კონტექსტში იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ 20 დღეში ამ რაოდენობის პატიმრების საქმეებისა და მათ შეწყალებასთან დაკავშირებული რისკების შესწავლა შეუძლებელია.

„რაც უნდა გენიოსზე ვსაუბრობდეთ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, 613 მსჯავრდებულის ინდივიდუალური საქმე და შეწყალების რისკები 20 დღეში შეისწავლო. მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ საბაზისო განათლების არმქონე დე-ფაქტო პრეზიდენტზე. არ შეიძლება ამ მასშტაბის შეწყალება კრიმინალის მდგომარეობის და რეციდივის ანალიზის გარეშე. ამნისტიაზეც ვითხოვდით ანალიზის წარმოდგენას და რა თქმა უნდა, ვერ წარმოადგინეს" წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

ამასთან, იგი მოცემულ ვითარებაში ესოდენ მასშტაბური ამნისტიის რისკებზეც მიუთითებს და ხაზს უსვამს, რომ "ქვეყანაში, სადაც რეჟიმის „ბეზპრეძელია“ და ქუჩაში არაფორმალი ნიღბიანები დარბიან", მსგავს გადაწყვეტილებას "ერთადერთი მიზანი აქვს - რეპრესიებისთვის საჭირო "სამუშაო ძალის" დამატება".

"და თუ მიზანი ეს არ არის, მაშინ სად არის ანალიზი?“ — დასძენს მეზვრიშვილი.

სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" წარმომადგენელი ლონდა თოლორაია კი, რომელიც ამ შეშფოთებასა და ეჭვებს იზიარებს, სოციალურ ქსელში ბოლო 10 წლის შეწყალებების სტატისტიკას აქვეყნებს და ხაზს უსვამს, რომ “ამდენი პირი ერთდროულად არც ერთ პრეზიდენტს შეუწყალებია“. თოლორაია ვარაუდობს, რომ “ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი“ და პროგნოზირებს, რომ „ამის შედეგები მალე გამოჩნდება“.

"ათასობით მსჯავრდებული ამნისტიით გამოუშვეს, ყოველგვარი კვლევის, რისკების შეფასების გარეშე. ამის შედეგები მალე გამოჩნდება. ამ კანონში ყველა ის დანაშაული ჩაწერეს, რისი ჩაწერაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. როგორც ჩანს, კანონის მიღმა მაინ დარჩა ხალხი, ვინც ამნისტიით ვერ გამოუშვეს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი. ამდენი პირი ერთდროულად (ერთ ჯერზე) ბოლო 10 წელია, არც ერთ პრეზიდენტს შეუწყალებია. არათუ ერთ ჯერზე, იშვიათად, რომელიმე წელს ამდენი მსჯავრდებული შეეწყალებინა ვინმეს. შეწყალების სტატისტიკა ასეთია: 2024 წელი - 69, 2023 - 46, 2022- 23, 2021 - 18, 2020 - 20, 2019 - 47, 2018 - 362, 2017- 548, 2016 - 579, 2015 - 730, 2014 - 555, 2013 - 857. ,,გამჭვირვალობის კანონის” მიმღებმა ხელისუფლებამ იქნებ გვითხრას, რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალეს, რატომ, შეწყალების კომისიაში ვინ იყვნენ და როგორ მოახერხეს ეს ასე მოკლე დროში“, - ამბობს თოლორაია.

ბუნებრივად წარმოქმნილი კითხვების პოლიტიკურ ჭრილში გადატანითა და პოლიტიკური ოპონენტების მორიგი შეურაცხყოფით უპასუხა ესოდენ მასშტაბური შეწყალების მიმართ ეჭვით განწყობილ დამკვირვებლებს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც ოპოზიციას "გაფარჩაკებული" და "რადიკალები" უწოდა, თუმცა არსობრივად, ყველა არსებული კითხვა უპასუხოდ დატოვა.

"შეწყალებასთან დაკავშირებით ბევრი სისულელე მოვისმინეთ. როგორც ყოველთვის, როცა კეთილი საქმე კეთდება, ეს გაფარჩაკებული ოპოზიცია და რადიკალები ასეთი განცხადებებით გამოდიან [...]. ეს იყო ჰუმანური აქტი, რომელიც პრეზიდენტ ყაველაშვილის მხრიდან განხორციელდა. რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით. ზოგადად, ჰუმანიზმის გამოვლინება მისასალმებელია და ძალიან კარგია. მიხეილ ყაველაშვილმა ჰუმანური ნაბიჯი გადადგა და 613 პატიმარი შეიწყალა" - განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.

მისი თანაგუნდელი მამუკა მდინარაძე ასევე "ჰუმანურობაზე" აკეთებს აქცენტს და ირწმუნება, რომ შესაწყალებელთა სია გაცილებით დიდი იყო, თუმცა გაიცხრილა:

"მიხეილ ყაველაშვილმა თავისი საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური და სწორი გადაწყვეტილებით დაიწყო და ბევრი ოჯახი გაახარა. მე ძალიან კარგად ვიცი, ეს პროცესი როგორ მიდიოდა. ამაში ჩართული იყო არა მხოლოდ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, არამედ მთელი სისტემა, მათ შორის - იუსტიციის სამინისტრო და სასჯელღასრულების დაწესებულება, რომლის დახასიათებასა და რეკომენდაციას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა (კონკრეტული მსჯავრდებულები როგორ იქცეოდნენ, რესოციალიზაციის მიზნები რამდენად იყო მიღწეული და. ა.შ.) [...] მე ვიცი, რომ სია გაცილებით დიდი იყო, მაგრამ პრევენციული რისკების გათვალისწინებით, შემცირდა. [...] ყაველაშვილმა მსჯავრდებულები ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე შეიწყალა".

კრიტიკოსებს "ოცნების" გუნდის სახელით გამოეხმაურა ლევან მახაშვილიც, რომლის მტკიცებით, მიხეილ ყაველაშვილის მიერ განხორციელებული შეწყალება "ძირითადად მსუბუქი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს შეეხოთ“, ხოლო რაოდენობრივად 613 "არათუ ბევრია, არამედ ცოტაც კი" და "მომავალშიც გაგრძელდება იმაზე ზრუნვა, რომ საპატიმრო დაწესებულებები სხვადასხვა ფორმით უფრო მეტმა პატიმარმა დატოვოს". რაც შეეხება წინა პრეზიდენტების მიერ შეწყალებულთა რაოდენობრივ სტატისტიკასთან კოლოსალურ სხვაობას, მახაშვილი აქ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ "ოცნების" სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ბრალდებით შემოიფარგლება და ირწმუნება, რომ "წინა პრეზიდენტმა შეწყალების ინსტიტუტი ინდივიდუალურ მექანიზმად აქცია, როცა რამდენიმე პატიმარი საკუთარი მეგობრებისა და ნაცნობების თხოვნის საფუძველზე შეიწყალა".

"ზოგადად, შეწყალების პროცესი პატიმართა წერილებით, პატიმართა განცხადებებით იწყება, რომ ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ და აქვთ შეწყალების სურვილი. შეწყალების პროცესი სწორედ ასე იწყება და არა იმგვარად, თითქოს ვინმეს მიერ ობიექტურად თუ სუბიექტურად პატიმართა შერჩევა ხდება. 613 არათუ ბევრი, არამედ ცოტაა, რადგან საუბარია პატიმართა 6-7%-ზე და ევროპული სტანდარტის გათვალისწინებით, პატიმართა რაოდენობა კვლავაც მაღალია. როდესაც შეწყალების პროცესი დასრულდება და ეს ადამიანები გათავისუფლდებიან, დაახლოებით 8 500 პატიმარი გვეყოლება, რაც ძალიან მაღალია. მეტსაც გეტყვით, მომავალშიც გაგრძელდება იმაზე ზრუნვა და მუშაობა, რომ საპატიმრო დაწესებულებები სხვადასხვა ფორმით უფრო მეტმა პატიმარმა დატოვოს, ოღონდ გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით. მრავალი წელია, რაც საქართველოში მასშტაბური შეწყალება არ განხორციელებულა. სამწუხაროდ, ეს ინსტრუმენტი წინა პრეზიდენტმა ინდივიდუალურ მექანიზმად აქცია, როცა რამდენიმე პატიმარი საკუთარი მეგობრებისა და ნაცნობების თხოვნის საფუძველზე შეიწყალა. ეს დასრულდა - შეწყალება ობიექტურ პროცესში მოექცევა" - აცხადებს მახაშვილი.

თუმცა მხოლოდ პროპაგანდისტული განცხადებები, ცხადია, პროცესს გამჭვირვალეობას ვერ შესძენს და შესაბამისად, ვერც კითხვებსა და ეჭვებს გააქარწყლებს. 20 იანვარს, დღის მეორე ნახევარში მასშტაბურ შეწყალებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც, რომელმაც უსაფრთხოების კუთხით რისკებზე გაამახვილა ყურადღება:

"რა თქმა უნდა, როგორც სახალხო დამცველი, მე შეწყალებისა და ამნისტიის მომხრე ვარ, ოღონდ ეს ყველაფერი პროპორციულად უნდა იყოს იმ საფრთხეებთან, რაც შეიძლება, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყოს, როცა ეს ადამიანები საპატიმრო დაწესებულებებს ტოვებენ [...] არ ვიცი, პრეზიდენტს შიგნით როგორი სტრუქტურა აქვს და ამ საქმეებს ვინ სწავლობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შეწყალების ყველა აქტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება, უსაფრთხოების რისკებს არ წარმოშობდეს. ამაზე პასუხისმგებელი ვინც არის, ალბათ, იმათმა უნდა გაგცენ პასუხი" - განუცხადა ჟურნალისტებს იოსელიანმა.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" (SJC) კი იმავე დღეს ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილის მიერ თანამდებობის დაკავებიდან მოკლე დროში, თანაც დახურული, გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად ერთბაშად ასეულობით მსჯავრდებულის შეწყალება აჩენს განცდას, რომ ეს უფლებამოსილება ყაველაშვილმა თვითნებურად, ვიწრო პარტიული ინტერესებით გამოიყენა.

ორგანიზაციის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და კანონმდებლობა მას არ ავალდებულებს, მიღებული გადაწყვეტილებები იყოს დასაბუთებული, ან წინასწარი კომისიის მიერ ხდებოდეს კანდიდატების საქმეების განხილვა/შეფასება, აუცილებელია, დაცული იყოს შემდეგი პირობები:

  • შეწყალების აქტი უნდა პასუხობდეს ბაზისურ პრინციპებს;
  • საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა სამუშაო პროცესითა და ვისი ჩართულობით მოხდა შესაწყალებელი პირების საქმეების განხილვა;
  • რაც მთავარია, საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები არიან შეწყალებულები.

SJC, სხვა სკეპტიკოსების მსგავსად, იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ამ რაოდენობის მსჯავრდებულის შეწყალება არათუ ერთჯერადად, სრული წლის განმავლობაშიც კი ბოლო წლებში არ მომხდარა არასდროს, გარდა 2013 წლისა, როცა "ოცნების" ხელისუფლებამ 857 პირის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

ნიშანდობლივია, ორგანიზაციის შეფასებით, ისიც, რომ შეწყალების აქტი დროში თან სდევს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომლის შედეგებზე მანიპულირების მიზნითაც, სხვადასხვა უკანონო ხერხებთან ერთად, ხელისუფლება აქტიურად იყენებდა სამართლებრივ ინსტრუმენტებს. "მიხეილ ყაველაშვილის მიერ 19 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებაც ამ გზის გაგრძელებაა და აჩენს ეჭვებს, რომ ეს არის ერთგვარი საფასური არჩევნებზე კრიმინალური თუ ძალადობრივი ჯგუფების მიერ პრო-სახელისუფლებო მოქმედებებისთვის" - აღნიშნავენ SJC-ში.

ორგანიზაციისთვის კიდევ უფრო რელევანტურია კითხვა, თანამდებობის დაკავებიდან არასრულ 1 თვეში როგორ მოახერხა ყაველაშვილმა ამ რაოდენობის საქმეების სრულყოფილად და დეტალურად გამოკვლევა,თანაც ისე, რომ ამ დრომდე საზოგადოებისთვის უცნობია, შეიქმნა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია აღნიშნული საკითხების შესასწავლად.

"გაუმჭვირვალე და დახურული პროცედურით შეწყალების უფლებამოსილების მასშტაბური გამოყენება, ისე, რომ ამ დრომდე საზოგადოებამ არ იცის, რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს შეეხოთ საშეღავათო პირობები, აძლიერებს განცდას, რომ აღნიშნული მექანიზმი გამოყენებულია ვიწრო პარტიული ინტერესებით და თვითნებურად; შეწყალების ამგვარი პრაქტიკა ემსახურება არა საჯარო ინტერესებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, არამედ წარმოადგენს პოლიტიკურ თვითნებობას და არის არსებული რეპრესიული/სადამსჯელო სისხლის სამართლის სისტემის პარტიული ინსტრუმენტალიზების მკაფიო მაგალითი" - დარწმუნებულები არიან SJC-ში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S