
ომბუდსმენი: 18 იანვარს დაკავებულ მოქალაქეთა ნაწილი პოლიციელების მხრიდან შეურაცხყოფასა და ძალის გადამეტებაზე მიუთითებს
19/01/2025 10:05:12 პოლიტიკა, სამართალი
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 18-19 იანვარს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 9 პირიდან ნაწილი პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფაზე, ორი კი ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.
"აპარატი სხვა უფლებადარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება პირბადეების ტარების აკრძალვის რეგულაციას, რასაც ომბუდსმენის წარმომადგენლების მიერ ღამით მონახულებული მოქალაქეები მათი დაკავების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებენ, სახალხო დამცველის შეფასებით, „მართალია, მსგავს შეზღუდვას ბევრი დასავლური ქვეყანა იცნობს, უმრავლეს შემთხვევაში, როგორც ამ ქვეყნების კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, ეს აკრძალვა არ არის უპირობო და ბლანკეტური“ და „მნიშვნელოვანია, კანონმდებლობა იცავდეს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის“.
შსს-ს პრესცენტრის ცნობით, თემქის პოლიციასთან 18 იანვარს ჯამში ექვსი ადამიანი დააკავეს, მათ შორის - რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი, სონა კალანდაძე, „ჰარაკის“ მენეჯერი მარიამ პაიჭაძე, თამარ ჩუმაშვილი, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი. მაცხონაშვილის მეგობრები ადვოკატის მონათხრობზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მას ძალოვანები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იმავე დღის ბოლოს მეტრო "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ, ზანდუკელის ქუჩიდან სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა პირებმა წაიყვანეს ორი ახალგაზრდა დემონსტრანტი - რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია, რომლებიც მიტინგის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, მათ გამტაცებლებს არც თავი წარუდგენიათ, არც დაკავების საფუძვლები განუმარტავთ, უბრალოდ ძალის გამოყენებით ჩასვეს ახალგაზრდები მანქანაში და ფაქტობრივად, გაიტაცეს. მოგვიანებით შსს-ში განაცხადეს, რომ ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე პრიმა მუხლებით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.