
ზურაბიშვილი - კვარაცხელიას და ტყემალაძის დაკავებაზე: "საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის ტერორი გრძელდება"
19/01/2025 09:22:32 პოლიტიკა, სამართალი
აშშ-ში მყოფი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უფორმო ძალოვანების მიერ პროევროპული მიტინგიდან სახლში მიმავალი 18 წლის ოთარ კვარაცხელიასა და 23 წლის რატი ტყემალაძის გატაცებას ეხმიანება და წერს, რომ "საქართველლოში ივანიშვილის რეჟიმის ტერორი გრძელდება".
„ტერორი საქართველოში. დემონსტრანტების გატაცება დაუდგენელი პირების მიერ, მანქანებით, რომელთაც უცხოური სანომრე ნიშნები აქვთ, ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების კიდევ ახალი ვერსიაა. ვაშინგტონში იმისთვის ვიმყოფები, რომ გავაჟღერო ხმა ხალხისა, რომელიც თვლის, რომ მათ მოჰპარეს უფლებები და მომავალი!“, — წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის: კვარაცხელია და ტყემალაძე თბილისში, მეტროს სადგურ რუსთაველთან უცნობმა პირებმა გაიტაცეს. თვითმხილველების მონათხრობის თანახმად, გამტაცებლებს არც რომელიმე ძალოვანი უწყების ფორმა ეცვათ, არც თავი წარუდგენიათ და არც დაკავების საფუძველი განუმარტავრთ - მოულოდნელად მისცვივდნენ ახალგაზრდებს და ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში უცხოური სანომრე ნიშნებით. ახლობლები და ადვოკატი დაკავებულებს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ და საბოლოოდ დიღმის იზოლატორში მიაკვლიეს.