Accentnews.ge
CNN: ჯო ბაიდენი სი ძინპინს კვლავ დიქტატორად მიიჩნევს

CNN: ჯო ბაიდენი სი ძინპინს კვლავ დიქტატორად მიიჩნევს

16/11/2023 05:53:07 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინელ კოლეგა სი ძინპინთან შევხედრის შემდეგ აცხადებს, რომ მას კვლავ დიქტატორად მიიჩნევს.

აშშ–ში, სან-ფრანცისკოს მახლობლად 15 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეებს შორის გულახდილი საუბარი გაიმართა და დისკუსიას ერთ-ერთი ყველაზე „კონსტრუქციული და პროდუქტიული" უწოდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, მისი ვალდებულებაა, ჩინეთთან კონკურენტული ურთიერთობები რაციონალური და მართვადი იყოს, რათა კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

CNN-ის კორესპონდენტის შეკითხვას, ისევ მიიჩნევს თუ არა სი ძინპინს დიქტატორად, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ "იგი დიქტატორია იმ გაგებით, რომ მართავს კომუნისტურ ქვეყანას".

კითხავზე, ენდობა თუ არა სი ძინპინს, ჯო ბაიდენმა შემდეგი განაცხადა:

„ენდე, მაგრამ შეამოწმე“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის მეთაური დიქტატორებს შეადარა 2023 წლის ივნისში, როცა კალიფორნიაში, ერთ-ერთ საარჩევნო შეხვედრაზე საუბრობდა ამერიკელი სამხედროების მიერ ჩინური აეროსტატის ჩამოგდებაზე. ივნისში, ბაიდენის ამ განცხადებას ჩინეთისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა და შეფასდა „აბსურდულ და უპასუხისმგებლო პოლიტიკურ პროვოკაციად".

ცნობისთვის: 15 ნოემბერს სან-ფრანცისკოს მახლობლად გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და სი ძინპინი შეთანხმდნენ რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურ სი ძინპინის პირველი პირისპირ შეხვედრა 2022 წლის ნოემბერში ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერთა სამიტის ფარგლებში გაიმართა.

2023 წლის თებერვალში აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს ჩინეთის მზვერავი აეროსტატი. ამ ფაქტის გამო სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გადადო პეკინში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც მხოლოდ 4 თვის შემდეგ შედგა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S