
ჯანმო: ალ-შიფას საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს
13/11/2023 05:48:58 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ღაზას მთავარ სამედიცინო დაწესებულებაში, ალ-შიფას საავადმყოფოში მძიმე და სახიფათო ვითარებაა, ელექტროენერგია თითქმის სრულად გათიშულია და საკვებისა და წყლის დეფიციტია.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ალ-შიფა აღარ ფუნქციონირებს, როგორც საავადმყოფო.
ისრაელი ღაზაში ოპერაციას აგრძელებს. ისრაელის არმიას ბრძოლა აქვს „ჰამასის“ წევრებთან ღაზას სექტორში მდებარე „ალ-შიფას“ საავადმყოფოს მახლობლად.
ისრაელი „ჰამასს“ ადანაშაულებს, რომ საავადმყოფოს ტერიტორიის ქვემოთ სამეთაურო პუნქტი აქვს. საავადმყოფოს პერსონალი და დაჯგუფება, რომელიც აკონტროლებს სექტორს, ამას უარყოფს.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მზად არის, დაეხმაროს საავადმყოფოს პერსონალს ჩვილების ევაკუაციაში. ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში საწვავი ბოლო მოქმედ გენერატორშიც გათავდა. მათი თქმით, ორი ახალშობილი გარდაიცვალა და კიდევ ათეულს საფრთხე ემუქრება.
"ჩვენ პირდაპირ და რეგულარულად ვსაუბრობთ საავადმყოფოს პერსონალთან. "ალ-შიფას" საავადმყოფოს პერსონალმა ითხოვა, რომ ხვალ დავეხმაროთ პედიატრიულ განყოფილებიდან ბავშვების უფრო უსაფრთხო საავადმყოფოში გადაყვანაში. ჩვენ საჭირო დახმარებას გავუწევთ", -განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს–სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, "ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლდება "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 239-ვე პირი".
7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის დროს, როცა 240-მდე მძევალი იქნა გატაცებული, დაიღუპა 1200 ადამიანი. ისრაელის საპასუხო ოპერაციის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 11 ათასამდეა.