Accentnews.ge
რას ყვება თამაზ გინტურის მკვლელობის მოწმე ლევან დოთიაშვილი: „იყო დამიზნებით სროლა"

რას ყვება თამაზ გინტურის მკვლელობის მოწმე ლევან დოთიაშვილი: „იყო დამიზნებით სროლა"

10/11/2023 09:28:39 კონფლიქტები

თამაზ გინტურის მკვლელობის მოწმე, მოკლულის მეგობარი ლევან დოთიაშვილი ჟურნალისტებთან მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ „ყველაფერი დაინახა”.

დოთიაშვილის თქმით, მას და თამაზ გინტურს, რომლებიც ლომისის ეკლესიაში ავიდნენ, რუსმა ოკუპანტმა დამიზნებით ესროლა:

"ეკლესიის ეზოში როდესაც ავედით, კარი გავხსენით. რომ გამოვდიოდით, მხოლოდ ერთი რუსი "ჯარისკაცი" მოვიდა. პირველი გამაფრთხილებელი გასროლა გაისროლა. მე დავუძახე - არ გინდა სროლა, მოვრიგდეთთქო. ნუ, ჩვეულებრივად დაწყნარდა ეს რუსი "ჯარისკაცი". ვილაპარაკეთ. კამერა მაქვს ჩართულიო, ამოიღო. შეიძლება, გამორთული ჰქონდა ან ჩართულიც იყო, არ ვიცი. ამ დროს, თამაზმაც დაუწყო საუბარი. ჩვეულებრივად, არანაირი აღელვება, არანაირი კონფლიქტი, დაწყნარებული საუბარი იყო. შევეკითხე კიდეც ასაკი, ისიც, ესეც და ამის შემდეგ, თამაზმა მითხრა, დაჯექი მანქანაშიო. მე დავჯექი მანქანაში და თამაზი და ეს "მესაზღვრე" საუბრობენ. თამაზი ჩვეულებრივად მანქანისკენ გამოვიდა, დაჯდა. მანქანაში ჩაჯდა თუ არა, როგორც კი დავძარით მანქანა, გამოვიარეთ სამი მეტრი, შეიძლება, და მაშინვე საბურავებში სროლა დაიწყო. [...] ეტყობა რაციაში დაუძახა ვინმემ, რა მოხდა არ ვიცი. ჩვენ მანქანაში ვისხედით. შეიძლება, დაგვიძახა რომ არ წახვიდეთო, ყოველ შემთხვევაში არ გაგვივია, მოგვდევდა სროლა სროლით, ბევრი გაისროლა. გვესროდა ჯერ საბურავებში და შემდეგ იყო გამიზნული სროლა".

მისი თქმით, თავად ნახა ზურგში დაჭრილი თამაზ გინტური.

"მე თვითონ ვნახე ნატყვიარები... ზურგის, ხერხემლის არეში ჰქონდა. ერთი თქვა, დამჭრაო და მოგარტყა-მეთქი და დამეთანხმა".

როგორც იგი ყვება, სროლის შემდეგ ტყის მიმართულებით წაიყვანეს, გზაში კი მასზე ფიზიკურად იძალადეს:

"გავიარეთ 15-20 მეტრი და თამაზმა თქვა, დამჭრაო. მანქანა გაჩერდა, ავტომატურად გადმოვხტი, თამაზი მანქანიდან გადმოვიყვანე. თვითონ რუსი ჯარისკაციც მომეხმარა გასწორებაში. ვუთხარი, უფლება მომეცი, სასწრაფოში დავრეკო-მეთქი. თვითონ თამაზის პირადი ტელეფონი ავიღე. დავრეკე სასწრაფოში. ვუთხარი, ამ ადგილზე ვარ, დროულად მოდით. შემდეგ პოლიციამ დარეკა. ანალოგიური, ადგილი ვუთხარი სად ვარ, როგორ ვარ. [...] თამაზი რომ გადმოვიყვანე, „კურტკის“ ჯიბეში ედო ტელეფონი და გადმოვარდა მაგ დროს და იმ მომენტში ის ვიხელთე. თამაზი ჩემს ხელში უკვე, სავარაუდოდ, დაღუპული იყო. [...] 5-6 წუთის შემდეგ 7 რუსი "ჯარისკაცი" მოვიდა. ამ დროს, ერთ-ერთმა მე დამარტყა, დაუნდობლად. მიწაზე დამაწვინა და თამაზს ე.წ. ლეიკოების დაკვრა დაუწყეს. ამ პროცესში ბორკილები დამადეს და ტყის მიმართულებით წამიყვანეს. მე თამაზი აღარ მინახავს. [...] გზაში იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც… ყველა იყო იარაღით… ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე. [...] ცხინვალის ციხეში ყოველდღე გავყავდი, ვერ ვიტყვი იმას, რომ შეურაცხყოფას მაყენებდნენ ცხინვალის ციხეში და ზეწოლა იყო - არა. თუ ნერვიულობ დაწყნარდი, წყალი ხომ არ გინდაო, [მეუბნებოდნენ] სანამ მივედით მანამდე იყო [ძალადობა] ოღონდ იმათთვის არ მითქვამს რომ გზაში ხელი დამარტყეს. წავიქეცი- მეთქი და ეგ არის. ერთი ჩამარტყა წიხლი. თავიდან ვიყავი ღრომში, მერე ცხინვალში. ღრომში დამკითხეს. მეკითხებოდნენ რა მოხდა, ყველანაირად გიტრიალებენ კითხვას. თვითონაც გაუკვირდათ ალბათ, ეგეთი რამე არ მომხდარა“, – აცხადებს დოთაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

დოთიაშვილი ამბობს, რომ გაუჭირდება იმ პირის ამოცნობა, ვინც სროლა განახორციელა:

"დავინახე ვინც ისროლა, მაგრამ ცნობით ვერ ამოვიცნობ. ვნახე ფოტოები, მაგრამ ვერ ვიცანი".

ლევან დოთიაშვილი რუს ოკუპანტებს ჰყავდათ გატაცებული. 6 ნოემბერს იგი იჯდა თამაზ გინტურთან ერთად მანქანაში, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა სროლა დაუწყეს, რასაც გინტური ემსხვერპლა. დოთიაშვილი ქართულ მხარეს 9 ნოემბერს გადმოსცეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S